5-საათიანი დახურული სხდომის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, მედიასთან, განმარტება რამდენიმე თემაზე გააკეთა. ერთ-ერთი კითხვა ოთარ ფარცხალაძეს ეხებოდა. ლილუაშვილის განცხადებით, ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა.
უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, საქმეზე გამოკითხვები ისევ გრძელდება.
"გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით, რომელიც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში. გამოძიების დაწყებიდან მეორე დღესვე, ბატონი ფარცხალაძე გამოიკითხა და არა დაიკითხა, რადგან, მოქმედი კანონმდებლობით, ჩვენს სამსახურს გამოკითხვის უფლება გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ გამოკითხვის რეჟიმში მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არაფრით არ განსხვავდებოდა იმ ინფორმაციისაგან, რომელიც მან განათავსა საჯარო სივრცეში.
ბატონმა ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს. საით გაფრინდა და საით გაფრინდება, ეს პერსონალური ინფორმაციაა. შეიძლება, სხვა ქვეყანაში გაფრინდა, შეიძლება - რუსეთის ფედერაციაში.
მტკიცებულებები ვერ მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურის მეშვეობით სამართლებრივი დახმარების მოთხოვნით გაიგზავნა მოთხოვნა, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და თხოვნით გაიგზავნა მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით, თუმცა, არანაირი დეტალები არ მიგვიღია, პირიქით - ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს და ეს ძალიან დამაფიქრებელია, ვინაიდან გავრცელდა ინფორმაცია მასმედიაში, რომ, თუკი ეს ინფორმაცია ჰქონდათო ამერიკის სპეცსამსახურებს და ჩვენს პარტნიორებსო, ეტყობა, არ ენდობიან ქართულ სპეცსამსახურებს და არ მიაწოდესო. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს სამსახურებს შორის არსებული ძალიან მჭიდრო და, ნაყოფიერი თანამშრომლობის ფარგლებში, გაცილებით უფრო სენსიტიურ და დიდ ეფექტზე გათვლილი საიდუმლო ინფორმაციები იცვლება ყოველდღიურ რეჟიმში და ჩვენი თანამშრომლობა არის სამაგალითო.
დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორებს რომ წინსწრებით ჰქონოდათ ინფორმაცია ფარცხალაძის შესაძლო დანაშაულებრივ საქმეებთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით, მოგვაწვდიდნენ.
თუმცა, დღესდღეობით, გარდა აშშ-ის კოლეგა უწყებებისა, ჩვენ ევროკავშირის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობას მივმართეთ, თუ არსებობს მათ ხელთ რაიმე ოპერატიული ინფორმაცია ბატონი ფარცხალაძის რუსეთის სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირებთან დაკავშირებით. ვერაფერი [მივიღეთ], პირიქით, ინტერესი გამოიწვია თვითონ საკითხმა და ჩვენგან ითხოვენ დეტალებს ყველა ჩვენი კოლეგა-პარტნიორი.
გამოძიების შედეგად, შესაძლოა, მიღებულ იქნეს ისეთი დეტალები, რომლებიც მათთვის ახალი და საინტერესო იქნება და დაეხმარება ამ ვერსიას ჭეშმარიტების დასადგენად. გრძელდება გამოკითხვები პირთა წრისა, რომლებიც შესაძლო შემხებლობაში შეიძლება ყოფილიყვნენ მასთან, ეს არის უახლოეს პირთა წრე,"- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.