24 აგვისტო 2026,   01:25
ვრცლად
"ვერავინ შეძლო ამ ტექსტების ავთენტურობის ეჭვქვეშ დაყენება" - სუს-ის ხელმძღვანელი "კანვასის" შესახებ გამოძიების ფარგლებში გამოკითხულებზე

"ვერავინ შეძლო ამ ტექსტების ავთენტურობის ეჭვქვეშ დაყენება" - სუს-ის ხელმძღვანელი "კანვასის" შესახებ გამოძიების ფარგლებში გამოკითხულთა შესახებ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ მედიასთან "კანვასის“ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრა. გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე დაკითხულმა პირებმა ვერ შეძლეს ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში ტექსტების ავთენტურობის ეჭვქვეშ დაყენება. მისივე განმარტებით, გამოკითხულთა ჩვენებები კიდევ უფრო საეჭვოს ხდის მათ დამოკიდებულებებს.

"საგამოძიებო გეგმის მიხედვით, გამოკითხვაზე ხდება ტრენინგში მონაწილე ან ამ ტრენინგთან შემხებლობაში მყოფი პირების დაბარება, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს სასამართლოს წინაშე დაკითხვას და ისინი იკითხებიან სასამართლოს ფარგლებში. სიახლეა ის, რომ ვერავინ შეძლო ამ ტექსტების ავთენტურობის ეჭვქვეშ დაყენება ვინაიდან, მიუხედავად მცირე ნაწილისა, 8-წუთიანი მასალისა, მთლიანი მასალა არის 8-9 საათიანი, რომლის ფიზიკურად ჩვენებაც წარმოუდგენელია და, ასევე, არ არის მიზანშეწონილი, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.
გამოკითხულ ადამიანთა უმეტესობა შემოიფარგლება პასუხებით "არ მახსოვს", "არ გამიგია" და ა.შ. რაც უფრო საეჭვოდ ხდის იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ისინი საჯაროდ ტელეკამერების წინ აჟღერებენ.

რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია, რევოლუციონერებს აქვთ მოტივაცია, ფიზიკური შესაძლებლობები და ა.შ. მწერლებიც შეიძლება, თუმცა მწერლებიც გასარკვევია. გინახავთ რევოლუციონერი რაიმე პროფესიას ამთავრებდეს და რისკიანი სპეციალობების ხალხი იყვნენ რევოლუციების მომწყობები და დაბალი რისკის პროფესიის ადამიანები არ იყვნენ?! ამის მტკიცება არის აბსოლუტური სიგიჟე.

18 სექტემბერს ჩატარდა პირველი ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, სადაც ჩვენ მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია შესაძლო სცენარის შესახებ, სადაც სცენარის ერთ ნაწილში მოიაზრებოდა ზუსტად ამ ორგანიზაციების მიერ ახალგაზრდა ჯგუფების დატრენინგება. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ერთი კვირის თავზე, 25 რიცხვში, ეს რეალობაში სისრულეში მოიყვანეს ზუსტად იმავე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა. "კანვასის" ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საჯარო სივრცეში განაცხადეს, სანამ მოხდებოდა ამ აუდიო და ვიდეომტკიცებულებების გამოქვეყნება, რომ ისინი მოწვეულები იყვნენ USAID-ის მიერ დაფინანსებული ტრენინგის ფარგლებში. მერე მეორე - ეს გადაიტანეს ჩვენებაში და სანამ ჩვენებას მისცემდნენ, გამოვიდა ქალბატონი, რომლის სახელი და გვარი არ მახსოვს, USAID-ის პროგრამის ხელმძღვანელი და სიამაყით განაცხადა, რომ ვამაყობთ "კანვას"-თან თანამშრომლობითო. მათ რაც განაცხადეს და ჩვენებაში თქვეს, განვაცხადეთ ის,"- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

დღის ამბები