საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ქეთევან ლოსაბერიძის სახელობის საქართველოს თასის ფინალური გათამაშება ახალაშენებულ მშვილდოსნობის მოედანზე გაიმართა.
უწყების ცნობით, გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი სიმონ ნოზაძე, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ნავერიანი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე, ქეთევან ლოსაბერიძის ოჯახის წევრები და სხვა სტუმრები.
თანამედროვედ აღჭურვილი სასროლეთი, რომელსაც ათეული წლების განმავლობაში ელოდნენ მშვილდოსნები, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით მოეწყო. მშვილდოსნობის ბაზა, რომელიც 4000 კვ. მ-ზეა განთავსებული, სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შპს "სპორტმშენსერვისმა" ააშენა. მშვილდოსნობის ბაზა მოიცავს 70-მეტრიან დისტანციაზე სასროლ მოედანს, უსაფრთხოების კედელსა და სპორტსმენების მოსაცდელ სივრცეს. ტერიტორია შემოღობილია და გამწვანებულია ნარგავებით. ახალ ბაზას საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაცია გამოიყენებს როგორც შეჯიბრებების გასამართავად, ასევე - სავარჯიშოდ.
ევროპის კონტინენტზე ერთადერთი მშვილდოსანი ქალის - ოლიმპიური ჩემპიონის, ქეთევან ლოსაბერიძის, თასის გათამაშება ამავე დროს არის საქართველოს თასის გათამაშების ფინალური ეტაპი, რომლითაც 2023 წლის სეზონი დასრულდა. შეჯიბრებაში, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მონაწილეობდა 2023 წელს გამართული საქართველოს თასის სამი ეტაპის შედეგების მიხედვით შერჩეული საუკეთესო რეიტინგული ქულების მქონე ოთხ-ოთხი ქალი და მამაკაცი სპორტსმენი.
შეჯიბრების პირველი დღე დაეთმო სპორტსმენების მომზადებას. მეორე დღეს ქალთა და მამაკაცთა კატეგორიებში გაიმართა ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები და სამახსოვრო თასები. ასპარეზობის ბოლო ეტაპზე ფინალური თამაშების გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდნენ მთავარი გარდამავალი პრიზის - ქეთევან ლოსაბერიძის თასის მოსაპოვებლად.