15 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
„ხვდებიან, რომ პერსპექტივა აღარ აქვს სტატუსის მინიჭების ჩაშლისკენ მიმართულ მცდელობებს და ახლა ყველა ცდილობს, რაიმენაირად, ქართველი ხალხის გამარჯვების მონაწილე გახდეს“ - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ელიტური NGO-ები“ ხვდებიან, რომ იმ მცდელობებს, რომლებიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭების ჩაშლისკენ, პერსპექტივა აღარ აქვს და ცდილობენ, რამენაირად, ქართველი ხალხის გამარჯვების მონაწილე გახდნენ.

ამ განცხადებით, პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიისადმი მიმართვას გამოეხმაურა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მიმართვის ინიციატორებში არიან ის „ელიტური NGO-ებიც“, რომლებიც ჩართული არიან საქართველოში ექსტრემიზმის წახალისებით.

"როგორც ვხედავ, ზოგიერთი არასამთავრობო არ იყო ამ ხელმოწერის მონაწილე. ფაქტია, რომ რამდენიმე ელიტური NGO-ის მიერ ორგანიზებული განცხადება არის და თავად ამ განცხადების ტონალობაშიც იკვეთება, კიდევ ერთხელ, რამდენად არასწორად იქცევიან ზოგადად ეს ორგანიზაციები. ახლა ყველა ხვდება, რომ იმ მცდელობებს, რომლებიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭების ჩაშლისკენ, პერსპექტივა აღარ აქვს. პოზიტიური სიგნალები მოდის და ახლა ყველა ცდილობს, რომ, რამენაირად, ქართველი ხალხის გამარჯვების მონაწილე გახდეს. სინამდვილეში, წელიწადნახევრიანი საბოტაჟისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, როგორც ჩანს, ევროკავშირი პოზიციური გადაწყვეტილებისთვის ემზადება. ამით, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დამარცხდება ყველა ის ჯგუფი, პოლიტიკური იქნება ეს, თუ ზოგიერთი ელიტური NGO, რომელიც ამას ეწინააღმდეგება.

ვნახე, რომ ამ ხელმომწერებში უფრო სწორად ინიციატორებში, არიან ისინიც, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოში ექსტრემიზმის წახალისებით. ჩვენ ახლახან გავიგეთ ინფორმაცია საჯაროდ, რომ არსებობს ფონდი უცხოური ფულით, რომელიც ჯარიმებს უხდის კანონდამრღვევებს და სწორედ ამ ფონდის ინდულგენციის "ბორდის" წევრები არიან მათ შორის, ინიციატორები ამ განცხადების და ვიცით, რომ ეს პროექტი, რასაც ემსახურება არის სწორედ ექსტრემიზმის წახალისება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები