09 ივლისი 2024,   03:34
ვრცლად
"გადაწყვეტილების ფორმულირებისას ევროკავშირმა უნდა განიხილოს რა ბერკეტებს შეინარჩუნებს ქვეყნის მთავრობაზე, თუ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი" - ივანე ჩხიკვაძე

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გერმანულმა პოლიტიკურ-ანალიტიკურმა ცენტრმა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენლის, ივანე ჩხიკვაძის სტატია გამოაქვეყნა. ჩხიკვაძე წერს, რომ ანტიევროპული მთავრობისა და პროევროპული მოსახლეობის წინაშე, ევროკავშირს მოუწევს დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ასახავს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროინტეგრაციისკენ მიმავალი პროგრესის შეფერხებისთვის და ასევე, გაითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის ურყევ სურვილს, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.

მისივე განცხადებით, გადაწყვეტილების ფორმულირებისას ევროკავშირმა უნდა განიხილოს, რა ბერკეტებს შეინარჩუნებს ქვეყნის მთავრობაზე, თუ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

"გარკვეულწილად, საქართველოში პარადოქსული ვითარებაა: ქვეყანაში ანტიევროპული ხელისუფლება და პროევროპული მოსახლეობაა. საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სამსახურში დაეყენებინა. ერთადერთი წინააღმდეგობა, რომელიც მმართველმა პარტიამ აქამდე ვერ გადალახა, არის საქართველოს პროევროპული მოსახლეობის წინააღმდეგობა. სწორედ მოსახლეობის წყალობით რჩება ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და სწორედ მოსახლეობამ შეუშალა ხელი "ქართულ ოცნებას" 2023 წლის მარტში რუსული სტილის უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას. ევროკავშირმა ეს ფაქტი უნდა მიიღოს, გაითვალისწინოს 2023 წლის ბოლოს საქართველოს შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და გამონახოს რაიმე სახის ბალანსი.

გადაწყვეტილების ფორმულირებისას ევროკავშირმა ასევე უნდა განიხილოს რა ბერკეტებს შეინარჩუნებს ქვეყნის მთავრობაზე, თუ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად, მნიშვნელოვანი იქნება ამ გადაწყვეტილებისა და მისი მიზეზების აქტიური მიწოდება საქართველოს მოსახლეობასთან ისე, რომ მმართველ პარტიისაგან მოხდეს საინფორმაციო ვაკუუმის პრევენცია დეზინფორმაციის გასავრცელებლად," - ნათქვამია სტატიაში.

დღის ამბები