09 ივლისი 2024,   01:35
ვრცლად
ომში მყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანი დაბადების დღის საჩუქრად შეფუთულმა ხელყუმბარამ იმსხვერპლა - შიდა დაპირისპირება თუ რუსეთის სპეცსამსახურების კვალი ჩასტიაკოვის სიკვდილში

უკრაინაში ომი გრძელდება, ქვეყანა ისევ რუსეთის საოკუპაციო ძალებთან გამკლავებას ცდილობს და ზამთრისთვის ემზადება. მიუხედავად დასავლური შეიარაღების მიღებისა, უკრაინელებს წინსვლა უჭირთ და ამ ეტაპზე მხოლოდ პოზიციურ ბრძოლებს აწარმოებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის არმიას 60 შეტევის მოგერიება მოუწია სამ მიმართულებაზე. ყველაზე ცხელ წერტილებად კვლავ ავდეევკის, კუპიანსკისა და მარინკის მიმართულებები რჩება.

მიუხედავად საოკუპაციო ძალის სარაკეტო ტერორისა და პოზიციების შეუჩერებელი შტურმისა, კიევი მაინც ახერხებს მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.

უკრაინული რაკეტით, რომელიც ომის დროს შეიქმნა, არმიამ ანექსირებული ქერჩის პორტში მდგარი სარაკეტო ხომალდი მწყობრიდან გამოიყვანა, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ამაზე უკვე ღიად ალაპარაკდა უკრაინული არმიის მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, რის გამოც ვოლოდიმირ ზელენსკისთან სერიოზული უთანხმოება აქვს.

ზალუჟნი თვლის, რომ ომი გაიწელება და ის ჩიხშია შესული, ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ეთანხმება და მთავარსარდალს აკრიტიკებს. მაგრამ ვალერი ზალუჟნის ახლა სხვა საფიქრალიც აქვს, გუშინ მისი მრჩეველი ხელყუმბარით აფეთქდა, რომელიც მას დაბადების დღეზე სუვენირებთან ერთად აჩუქეს. მძიმედ დაიჭრა გენადი ჩესტიაკოვის შვილი. საჩუქრად მიტანილმა ხელყუმბარამ უკრაინაში ბევრს გაუჩინა იმის ეჭვი, რომ კონკრეტული ძალები გენერალს ყველაზე საიმედო ხალხის გარეშე ტოვებენ.

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? უკრაინის პოლიცია ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილის აფეთქების საქმეს იძიებს. 39 წლის გენადი ჩასტიაკოვი საკუთარ დაბადების დღეზე, მოქმედებაში მოყვანილმა ხელყუმბარამ იმსხვერპლა. ფეთქებადსაშიში საჩუქარი ვალერი ზალუჟნის მოადგილემ საჩუქრად მიიღო. მძიმე მდგომარეობაშია მაღალჩინოსნის 13 წლის შვილი.

გამოძიების ინფორმაციით, საჩუქარი ჩასტიაკოვს, ზალუჟნის უფროსმა მრჩეველმა, ტიმჩენკომ 2 თვითმხილველის თანდასწრებით გადასცა თუმცა, უკრაინელი ანალიტიკოსები ამ ვერსიას შიდა დაპირისპირების შენიღბვის მცდელობად აფასებენ. არ გამორიცხავენ რუსეთის სპეცსამსახურების გააქტიურებასაც. ექსპერტები თვლიან, რომ მეტი დეტალი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

მანამდე კი აგრესორი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევებს არ წყვეტს. უკიდურესად მძიმეა ვითარება ფრონტის ხაზზეც. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში 70-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა ააფეთქეს რუსული სამხედრო ხომალდი "ასკოლდი". ოკუპანტის საზღვაო ფლოტში არსებულ 2021 წელს გამოშვებულ გემს, კალიბრის ტიპის 8 ფრთოსანი რაკეტის გაშვება შეეძლო.

სამხედროებს წარმატება ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა. ტრადიციულ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი შეეხო მოახლოებული არჩევნების საკითხსაც და განაცხადა, რომ ომის პირობებში კენჭისყრაზე საუბარი უპასუხისმგებლობაა.

უკრაინული არმია ახლა ავდიივკას, მარიინკას და ბახმუტის მიმართულებებზეა კონცენტრირებული. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აქვთ გარკვეული წინსვლაც, თუმცა, ამ ცნობებს აგრესორი კატეგორიულად უარყოფს. რუსეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მოწინააღმდეგეს რამდენიმე კილომეტრით უკან დაახევინეს. მასშტაბური იერიშის შედეგად განადგურებულია უკრაინის კუთვნილი მძიმე ტექნიკა და საარტილერიო სისტემები. ამავე ცნობის თანახმად, კოლოსალურია კიევის დანაკარგი ცოცხალი ძალის კუთხით.

დღის ამბები