14 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
2024 წლის გაზრდილი ბიუჯეტი - მთავრობა დოკუმენტის საბოლოო ვერსიას პარლამენტში მიმდინარე თვის ბოლომდე გადააგზავნის

2024 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვერსია მთავრობამ დღეს განიხილა და, მიმდინარე თვის ბოლომდე, პარლამენტში გადააგზავნის. მომავალი წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 760 მილიონ ლარს შეადგენს.

დოკუმენტში რეალური ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტზეა გათვლილი. ბიუჯეტის დეფიციტი 2,5 პროცენტს შეადგენს. მთავრობის ვალის მაჩვენებელი კი მთლიანი შიდა პროდუქტის 38 პროცენტის ფარგლებშია. 2024 წლის ბიუჯეტი კონსერვატიულად არის დაგეგმილი, თუმცა, ამ პირობებშიც, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 86 მილიარდი ლარია. ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში, ხარჯვითი ნაწილი 165 მილიონი ლარით გაიზრდება. აქედან, უდიდესი ნაწილი - 130 მლნ ლარი რეგიონების პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. საბოლოოდ, რეგიონული ფონდი 580 მილიონი ლარი გახდება. დამატებით, 15 მილიონი ლარი გამოიყოფა გურიაში, იმ ოჯახების კომპენსაციებისთვის, ვისი სახლებიც სტიქიის დროს დაზიანდა.

ბიუჯეტში გაწერილია პრიორიტეტული მიმართულებები. 400 ათასი პენსიონერი, 2024 წელს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებს.

გათვალისწინებულია ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც. ჯანდაცვის ბიუჯეტით უკვე განსაზღვრულია პენსიების ზრდაც. 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერები 50 ლარით გაზრდილ პენსიას - 415 ლარს აიღებენ. ამავე კატეგორიის პენსიონერებისთვის, რომლებიც მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრობენ, პენსია 500 ლარი გახდება. 70 წლამდე პირთა პენსია 315 ლარი იქნება. 380 ლარს მიიღებენ 70 წლამდე პენსიონერები მაღალმთიან რაიონებში.

შედარებისთვის, 2012 წელს პენსია მხოლოდ 110 და 125 ლარი იყო. გაზრდილ პენსიას მიიღებენ ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები და სამხედრო მოსამსახურეები. მაქსიმალური ზღვარი 560 ლარიდან - 1000 ლარამდე გაიზრდება. საშუალოდ, 20 პროცენტით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების კომპენსაცია კი 1000-დან 1200 ლარამდე მოიმატებს. 150 მილიონი ლარით იზრდება ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი და ჯამში 800 მილიონი გახდება. 2012 წელთან შედარებით სამინისტროს შემოსავლები 326 მილიონით არის გაზრდილი.

მთავრობის სხდომაზე, ბიუჯეტზე მსჯელობის დროს, პრემიერმა თქვა, რომ ქვეყანას 7-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა აქვს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეკორდულია დასაქმების მაჩვენებელიც, რაც მთავრობის სწორი და მშვიდობიანი პოლიტიკის შედეგია.

2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას საკანონმდებლო ორგანო დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებს.

დღის ამბები