27 დეკემბერი 2024,   08:30
ვრცლად
უკანონოდ მისაკუთრებულ მიწებზე ამნისტიის კანონი ამოქმედდა - ვის შეეხება და რა უნდა გააკეთოს მიწის მეპატრონემ, რომ სახელმწიფომ დანაშაული აპატიოს

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მითვისებაზე ამნისტია ძალაშია და ათასობით მოქალაქეს შეეხება. თუ პირი დანაშაულს აღიარებს, უკანონო გზით მითვისებულ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს დააბრუნებს ან ზიანს აანაზღაურებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. ამნისტია არ ვრცელდება იმ საჯარო მოხელეებზე, რომლებმაც დანაშაული სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინეს და ორგანიზებული ჯგუფის წევრებზე. ამ ორი შემთხვევის გარდა, კანონი თანაბრად შეეხებათ, როგორც უშუალო შემსრულებლებს, ისე - თანამონაწილეებს.

თუ პირს სურს, რომ ამნისტია შეეხოს, მან სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა აანაზღაუროს. მასშტაბური ამნისტიის მიზანზე იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ამნისტიის აუცილებლობაზე საუბრობენ საპარლამენტო ოპოზიციაშიც. ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ კანონის მიღება საჭირო იყო, თუმცა მიაჩნიათ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით მიდგომა გადასახედია.

ჰუმანური აქტი - ასე აფასებენ "ქართულ ოცნებაში" ამნისტიის გადაწყვეტილებას. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ მოქალაქეების მიერ უკანონოდ დარეგისტრირებული სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, წლების განმავლობაში, გადაუჭრელი პრობლემა იყო და მას სამართლებრივი რეაგირება სჭირდებოდა.

სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე, ამნისტიის გამოცხადების ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამისი კანონის საჭიროებაზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

დღის ამბები