05 ივლისი 2024,   23:31
ვრცლად
მრავალმილიონიანი საერთაშორისო თაღლითობის დეტალები "კურიერმა" ექსკლუზიურად გაარკვია - ტრანსნაციონალური სინდიკატის ერთ-ერთ რგოლად ბიზნესმენ შოთა შალელაშვილის სიძე სახელდება

ბიზნესმენი შოთა შალელაშვილი "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ ქოლცენტრების ქსელთან მისი ოჯახის წევრის კავშირზე ინფორმაციას არ ფლობს. ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ არც იმ საერთაშორისო გამოძიებაზე სმენია, რომლის ერთ-ერთ ფიგურანტად მისი სიძე, ისრაელის მოქალაქე დავით ბარ-ელი სახელდება. ტრანსნაციონალური დაჯგუფების რამდენიმე წევრი გერმანიაში უკვე გაასამართლეს. დაზარალებულია ასობით ევროპელი პენსიონერი, მითვისებული თანხა კი 77 მილიონ ევროზე მეტია. შოთა შალელაშვილი, რომელიც დღეს ისრაელში თავადაც გაემგზავრა, ამბობს, რომ მის სიძეს ისრაელის ტერიტორიაზე სამართლებრივი პრობლემები არ აქვს.

შალელაშვილი არ ადასტურებს, თუმცა დოკუმენტებით ირკვევა, რომ ისრაელის მოქალაქე დავით ბარ-ელი ტრანსნაციონალური დანაშაულთან დაკავშირებული კომპანიის “გეთფაინეშელ გრუპის“ იურიდიული მრჩეველი და 15 პროცენტიანი წილის მფლობელია. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ევროპელ, ძირითადად კი გერმანელ პენსიონერებს, მოტყუებით, მილიონობით ევრო გამოსძალა. შალელაშვილის სიძის ექსტრადირების მოთხოვნა გერმანიის პროკურატურამ რამდენიმე ქვეყანას უკვე გადაუგზავნა.

დავით ბარ-ელზე გერმანიის პროკურატურას ძებნა აქვს გამოცხადებული, თუმცა გერმანული მართლმსაჯულების წინაშე უკვე წარდგნენ მისი ბიზნესპარტნიორები - ნადავ გოვერი, იაკობ გოვერი და იური დაშევსკი. მათ სხვადასხვა ვადით პატიმრობა და რამდენიმე მილიონი ევროს ჯარიმა დაეკისრათ. გერმანიის პარალელურად, დანაშაულებრივი ქოლცენტრების საქმის ფიგურანტები, დაუსწრებლად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს პროკურატურამაც.

ქოლცენტრებში დასაქმების მსურველებს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სოლიდურ ანაზღაურებას ჰპირდებოდნენ. უცხო ენების კარგად მცოდნე ახალგაზრდებს ევალებოდათ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების დარწმუნება, რომ თანხები ყალბ საინვესტიციო პლატფორმებზე დაებანდებინათ, სინამდვილეში კი, დიდი ოდენობით თანხები თაღლითების ანგარიშზე ხვდებოდა. შავი ფულის გასათეთრებლად, დააფუძნეს კომპანიაც. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ შპს "არაისის" მფლობელები გერმანიაში დაკავებული ისრაელის მოქალაქეები არიან.

ფიქტიური კომპანია თბილისში 2018 წელს დარეგისტრირდა.

დღის ამბები