28 ნოემბერი 2026,   12:24
ვრცლად
"საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესებმა მორიგ ჯერზე აჩვენა, რომ ნაცაგენტურა თავისი ფილიალებით არის ასაკრძალი" - გურამ მაჭარაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის განხილვა 30 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება. სხდომები ამ კვირას გადაიდო, მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი მოდებაძის მამის გარდაცვალება გახდა.

პროცესის მიმდინარეობასა და სარჩელის საფუძვლებზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა. მისი შეფასებით, სასამართლო განხილვებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური სუბიექტები უნდა აიკრძალოს.

"საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესებმა მორიგ ჯერზე აჩვენა, რომ ნაცაგენტურა თავისი ფილიალებით არის ასაკრძალი. სააკაშვილი როდესაც ამბობს, რომ დიახ, მართალია, იმედი რომ დავარბიეთ, სწორად მოვიქეცით, შავაძე რომ დავხვრიტეთ, სწორად მოვიქეცითო. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი აღიარებს იმას, რომ ნაცმოძრაობა არის ე.წ. პოლიტიკური პარტია, რომელიც არ ცნობს არჩევნებს. ესე იგი, უნდა ხელისუფლებაში მოვიდეს რევოლუციებით, დამხობებით და ა.შ. და ეს წერია კონსტიტუციაში. სწორედ ამის საფუძველზე შევიტანეთ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, რომ არ შეიძლება, არსებობდეს პოლიტიკური პარტია, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ეწევა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების სარჩელის განხილვა უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს. სასამართლო დარბაზში 5 პარტიის წარმომადგენლებს კონკრეტული არგუმენტაციის მოსმენა და იმ კითხვებზე პასუხის გაცემა უწევთ, რაც მტკიცებულებებით, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებითაა გამყარებული.

პროცესების დასრულების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს 9-თვიანი ვადა აქვს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად.

დღის ამბები