28 ნოემბერი 2026,   12:26
ვრცლად
გივი მიქანაძე: ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი არის მრავალპროფილური, 57 მიმართულება აქვს, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებები, რომლებიც ინჟინერიას, ხელოვნურ ინტელექტს, STEM მიმართულებებს ეხება

საქართველოს განათლების სამინისტრო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. ცოტნე ივანიშვილის ინიციატივითა და ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ქართველ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ისწავლონ.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი, რომელიც, უახლესი კვლევის თანახმად, ნომერ პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აზიაში, მსოფლიო რეიტინგში კი მე-11 ადგილს იკავებს, საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს შეარჩევს და საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების შესაძლებლობას მისცემს.

მემორანდუმის გაფორმებამდე, საგამონაკლისო წესით, კონკურსში მონაწილეობა უკვე წელს შეეძლებათ მე-12 კლასელებს, მომავალი წლიდან კი პროგრამაში მე-11 კლასის მოსწავლეებიც ჩაერთვებიან. სწავლის საფასურს, რომელიც წლიურად 42 000-ს დოლარამდე აღწევს, საქართველოს მთავრობა და ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი ერთობლივად დააფინანსებენ.

ბრიფინგი თემაზე განათლების სამინისტროში გაიმართა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის თქმით, მრავალპროფილურ უნივერსიტეტს 57 მიმართულება აქვს. განსაკუთრებული აქცენტი ინჟინერიის, ხელოვნური ინტელექტისა და STEM მიმართულებებზე კეთდება, თუმცა ხელმისაწვდომია სამედიცინო, იურიდიული და სხვა დარგებიც.

"უნივერსიტეტი არის მრავალპროფილური, 57 მიმართულება აქვს, შესაბამისად, ძალიან ფართო არის სპექტრი და არეალი იმისა, თუ რა მიმართულებით შეძლებენ არჩევანის გაკეთებას ქართველი მოსწავლეები. აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბაკალავრიატის დონიდან ვიწყებთ და ვაძლევთ ამ შესაძლებლობას ჯერ კიდევ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ახლა მე-12 კლასში სწავლობენ და ჯერ მათ არ დაუსრულებიათ სასკოლო განათლება, ჯერ ბოლომდე არა აქვთ მიღებული, მაგრამ ზუსტად ეს არის საგამონაკლისო წესი. ასევე, საგამონაკლისო წესი არის ის გარემოება, რომ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში საერთაშორისო აპლიკაციების მიღების ვადა ამოიწურა და სწორედ ამ მოლაპარაკებების შედეგად ცალკე გაიხსნა პორტალი იმისთვის, რომ მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე საქართველოს მოქალაქეებს ეძლევა საგამონაკლისო წესით ამის შესაძლებლობა.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებები, რომლებიც ინჟინერიას, ხელოვნურ ინტელექტს, STEM მიმართულებებს ეხება. ეს მიმართულებები ძალიან მოთხოვნადია და გარკვეულწილად დეფიციტურადაც ითვლება, ამიტომ ამ მიმართულებებზეც არის განსაკუთრებული აქცენტი, თუმცა ამით არ იზღუდება და ნებისმიერი მიმართულებით, იმიტომ, რომ ამ უნივერსიტეტს აქვს, როგორც სამედიცინო მიმართულების პროფილი, ასევე, იურიდიული მიმართულების და, როგორც გითხარით, მულტიპროფილურია და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, აზიაში ნომერ პირველი უნივერსიტეტი არის საერთაშორისო ინდექსებით, ხოლო მსოფლიოში მე-11 უნივერსიტეტია და ეს არის მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ასეთი მაღალი რეიტინგის უნივერსიტეტთან ჩვენ ვიწყებთ ასეთ აქტიურ თანამშრომლობას და ეს უნივერსიტეტი დაინტერესდა საქართველოს მოქალაქეებით, მოსწავლეებით.

როგორც გითხარით, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწია ცოტნე ივანიშვილმა, რომელიც სწავლობს ამ უნივერსიტეტში. მან გარკვეული პერიოდის განმავლობაში აწარმოვა მოლაპარაკებები და როდესაც შეიქმნა საფუძველი იმისა, რომ ეს პროცესი შეიძლება დაძრულიყო და ჩვენი ჩართულობა აუცილებელი გახდა, ჩვენი მხრიდან მყისიერად იქნა ამ პროცესში მონაწილეობა," - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ.

დღის ამბები