ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა გივი მიქანაძემ და ხატია წილოსანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გამართულ დებატებში მიიღეს მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გივი მიქანაძემ, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორედ არჩიეს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2013 წლიდან სასჯელაღსრულების სისტემაში მიღწეულ ცვლილებებზე.
"ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 2013 წლიდან პატიმართა უფლებების დარღვევის შესახებ ჩვენ გვაქვს ნული განცხადება", - განაცხადა გივი მიქანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშში წარმოდგენილი პოზიტიური დაკვირვებები ნათლად ასახავს საქართველოს მთავრობის სულისკვეთებას, პატივი სცეს პატიმართა უფლებებს, ასევე პატიმართა მკურნალობისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს.
სესიაზე, თემაზე "გლობალიზაცია კრიზისისა და ომის დროს", გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღო დელეგაციის წევრმა ხატია წილოსანმა.
„იმის მიუხედავად, რომ COVID-19-მა, რუსეთის აგრესიულმა მოქმედებებმა უკრაინის წინააღმდეგ და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ აშკარად დააზარალა საქართველოს ეკონომიკა, ჩვენ შევძელით სტაბილური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და კანდიდატის სტატუსის მიღებით მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების ასპარეზზე“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.
22-26 იანვარს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მიმდინარეობს. სესიის განმავლობაში, ასამბლეამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტი აირჩია. გაიმართა დებატები ისეთ თემებზე, როგორიცაა: მოვლენები ახლო აღმოსავლეთში, ბავშვების მდგომარეობა უკრაინაში, მიგრაციის და თავშესაფრის თემის გამოყენება საარჩევნო კამპანიაში, გლობალიზაცია კრიზისის და ომის დროს, საპატიმროებში წამების და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებები.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: გივი მიქანაძე, ხატია წილოსანი, ეკა სეფაშვილი, ქეთევან თურაზაშვილი, ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე.