პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე პარლამენტში სამთავრობო პროგრამასა და მინისტრთა ახალ კაბინეტს ხვალ წარადგენს. მისივე თქმით, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე, მთავრობა უკვე დამტკიცებული იქნება.
"ჩვენ ხვალ ველოდებით, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარმოადგენს როგორც სამთავრობო პროგრამას, ისე - მთავრობის შემადგენლობას, პარლამენტში განხილვისა და ნდობის გამოცხადების მიზნით. მომავალ კვირაში უკვე განხორციელდება საკომიტეტო მოსმენები, პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრები და, დაახლოებით, კვირის ბოლომდე ჩვენ უკვე დავამტკიცებთ მთავრობას.
რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას - ამ საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი თვითონ წარმოადგენს სიას, ეს არის მისი უშუალო პრეროგატივა, ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ,"- აცხადებს გივი მიქანაძე.