29 სექტემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა კარიერა დაასრულა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა კარიერა დაასრულა. ღონისძიება იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს, მთავარ სუმოს დარბაზში გაიმართა. ლეგენდარულ ქართველ სუმოისტს, სუმოისტების ვარცხნილობა მოკვეცეს, შემდეგ კი მებრძოლი სუმოს სამუდამოდ დაემშვიდობა. 

ტოჩინოშინის სპორტული კარიერიდან გაცილების საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა სპორტის სამინისტრომ მიიღო. ღონისძიებას საქართველოს ელჩი იაპონიაში, უცხოელი დიპლომატები, მაღალი დონის სტუმრები, ლევან გორგაძის ოჯახის წევრები, იაპონიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და გულშემატკივრები დაესწრნენ. ტოჩინოშინის პატივსაცემად გაიმართა მიღება, რომელიც კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ანსამბლმა „რუსთავმა“ მუსიკალურად გააფორმა.

ქართველი სუმოისტის, დებიუტი კლუბ „კასუგანობეიას“ შემადგენლობაში 2006 წელს შედგა, 2008 წელს კი მან „მაკუუჩი“ დივიზიონში განაგრძო ასპარეზობა. მძიმე ტრავმებისა და ქვედა დივიზიონებში დაქვეითების მიუხედავად, 2018 წლის ჰაცუბაშოზე იმპერატორის თასის მოგება შეძლო. ამ შედეგით ის სუმოს ისტორიაში პირველი ქართველი და მესამე ევროპელი სუმოისტი გახდა, რომელმაც საიმპერატორო თასი დაისაკუთრა და ოძეკის რანგს მიაღწია.

„18 წლიანი ასპარეზობის შემდეგ დადგა ის დღე, როდესაც წავედი სამუდამოდ აქტიური სპორტიდან. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ცერემონიაზე მობრძანდა, განსაკუთრებით ქართველებს, იმ ქართველებს, რომლებიც საქართველოდან ძალიან დიდი გზა გამოიარეს და ტოკიომდე ჩამოვიდნენ, რომ ჩემი სპორტიდან გაცილებას დასწრებოდნენ,“ - აცხადებს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი).

დღის ამბები