საპარლამენტო უმრავლესობა უკრაინის მთავრობას სუს-ის ინფორმაციაზე განმარტებას სთხოვს. საუბარია ასაფეთქებელი ნივთიერებების, საქართველოს გავლით, რუსეთში გადატანის მცდელობაზე. უსაფრთხოების სამსახურმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობისა და "სი 4-ის" ტიპის ნივთიერების ტრანზიტს წარმოშობით ქართველი ანდრეი შარაშიძე ხელმძღვანელობდა.
შარაშიძე უკრაინის მმართველი პარტიის - "ხალხის მსახურის" წევრია და, სწორედ ამ ძალის სახელით, ოდესის ოლქში ადგილობრივი რადას დეპუტატობის კანდიდატიც იყო. ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც შარაშიძეს არჩევნებზე მხარს უჭერდა დაკავშირებულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკურ დეპარტამენტთან. ამავე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო უკრაინული კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე, საქართველოში ძებნილი გია ლორთქიფანიძე. კანონმდებლების აზრით, უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება ადასტურებს, რომ გარკვეული ძალებისთვის საქართველოში მეორე ფრონტის თემა კვლავ აქტუალურია და მიზანი რუსეთში აფეთქების საქართველოსთვის დაბრალება იყო.
ასაფეთქებელი ნივთიერების ნაწილის ტრანზიტზე, ნაწილის კი თბილისში დატოვების მცდელობაზე ოპოზიციას საუბარი არ სურს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის კითხვის ნიშნებს არც საქმეში რადას წევრობის კანდიდატის ჩართულობა აჩენს.
ასაფეთქებელი ნივთიერების ნაწილის თბილისში დატოვება საქმის მნიშვნელოვანი დეტალია მმართველი გუნდისთვის. უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ "სი 4" ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად ყოფილიყო გამოყენებული.
უსაფრთხოების სამსახურთან კითხვები აქვს შოთა უტიაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსი ფიქრობს, რომ შესაძლოა ასაფეთქებელი ნივთიერება, რომლის ნაწილიც თბილისში რჩებოდა, რუსეთში სამხედრო ობიექტის გასანადგურებლად ყოფილიყო გამოყენებული. თუმცა, რა ზარალს მოუტანდა ეს ყველაფერი საქართველოს, ამაზე აღარ საუბრობს.
ოპონენტების მხრიდან თემის თემის იგნორირებას კონკრეტული ახსნა აქვს სახელისუფლებო გუნდისთვის - მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები, ეროვნულზე მაღლა, უცხო ქვეყნების ინტერესს აყენებენ, რაც, მათი თქმით, არაერთხელ დადასტურდა.
რა საფრთხეს შეიცავდა ასაფეთქებელი მოწყობილობების ტრანზიტის მცდელობა საქართველოსთვის და გააკეთებს თუ არა განმარტებებს უკრაინული მხარე, უცნობია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებით, გამოძიებას აგრძელებს.