16 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
გიორგი ვაშაძის განცხადება არის მოსახლეობის ემოციებით თამაშის მცდელობა, რაც პოლიტიკური ტრიუკია - ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ლევან დავითაშვილის განცხადებით, გიორგი ვაშაძე ცდილობს მოსახლეობის ემოციებით თამაშს.

ლევან დავითაშვილმა გიორგი ვაშაძის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ქვეყანაში გაჭირვება მართლაც ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა ეს პრობლემა უდგას სხვა ქვეყნებსაც და ვაშაძის განცხადებები სტატისტიკურ მონაცემებს საერთოდ არ ასახავს.

"გიორგი ვაშაძის კითხვა არ არის ახალი, ერთი და იგივე გამოსვლას ვისმენთ ხოლმე მისგან. წლების განმავლობაში ტექსტი აბსოლუტურად ერთი და იგივეა, არ იცვლება არცერთი სიტყვა, საერთოდ არ ეხება სტატისტიკას, რადგან არ არის არცერთ სტატისტიკურ მონაცემზე დამყარებული. ეს არის მოსახლეობის ემოციებით თამაშის მცდელობა. გვესმის, რომ დღეს საქართველოში მდგომარეობა არ არის საუკეთესო და ბევრ ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანაშიც გაჭირვება ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ყველაზე მდიდარი ქვეყანა, რომელიც კეთილდღეობაში ცხოვრობს. ამიტომ პოლიტიკური ტრიუკი და მეტი არაფერია ემოციებით თამაში, რომ მაგალითად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა დაიცალა, შაჰ-აბასის შემდეგ ეს პირველად მოხდა და მსგავსი რაღაცები. ქალბატონმა ნინო წილოსანმაც ძალიან მკაფიოდ უპასუხა, როგორი იყო სიტუაცია წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც მოსახლეობა მართლაც გარბოდა გამოუვალი წნეხიდან. დღეს როდესაც ვსაუბრობთ მიგრაციაზე, მიგრაცია არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. ბუნებრივია, ეს ჩვენთვის გამოწვევაა და გვინდა, დინამიკა შევცვალოთ პოზიტიურისკენ,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განცდა აქვს, პარლამენტში სხვა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრს უსმენს.

დღის ამბები