29 სექტემბერი 2024,   03:43
ვრცლად
სოფელ ნერგეეთში, მეწყრულ ზონაში მეექვსე ადამიანის ცხედარი იპოვეს - რა ვითარებაა ადგილზე

კიდევ ორი ცხედარი იპოვეს სოფელ ნერგეეთში - ამ დროის მონაცემებით, სტიქიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვისი ცხედრებია ნაპოვნი. გრძელდება 3 დაკარგულის სამძებრო სამუშაოები. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელში მეწყერი გასულ ღამეს ჩამოწვა. მიწის მასაში ოთხი სახლი მოჰყვა. სამძებრო სამაშველო ოპერაცია უკვე 15 საათია მიმდინარეობს.

რაც შეეხება ადგილზე არსებულ ვითარებას, მდგომარეობა ძალიან მძიმე. შეკრებილები არიან დაკარგულების ახლობლები და ნათესავები და ითხოვენ მათ შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას.

"მოსწავლეებია ჩვენი... არ არის ნაპოვნი ბავშვები. ვერაფერს ვერ ვიტყვი და ვერც კომენტარს ვერ გავაკეთებ," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

"მამა და 3 შვილია მოყოლილი, ტყუპი გოგოები და ბიჭი... 2 სართულიანი აგურის სახლი წაიღო წყალმა, არ ჩანს არაფერი..." - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მედიასთან კომენტარი გააკეთეს ასევე სპეციალისტებმა, რომელიც სტიქიის ზონაში მუშაობენ.

"წლიდან-წლამდე კიდევ უფრო მეტი საფრთხეების წინაშე ვდგავართ, რაც დაკავშირებულია, როგორც აღმოჩნდა კლიმატის ცვლილებებთან და იმ უხვ ნალექთან, რომელიც პრაქტიკულად გახდა მიზეზი ამ მოვლენის.

ბოლო სამ დღეში, სამწუხაროდ, 100 მილიმეტრზე მეტი ნალექი მოვიდა რეგიონში, რამაც გამოიწვია არამარტო აქ, სხვა ადგილებშიც გააქტიურა მეწყრული პროცესები. სამწუხაროდ, გვაქვს მეწყრები აჭარაში, ასევე, დასავლეთის სხვადასხვა სოფლებში - სხვადასხვა მასშტაბისა და მოცულობის. ეს პროცესები, სამწუხაროდ, ამ უხვ ნალექს მუდმივად თან სდევს," - აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა.

დღის ამბები