28 სექტემბერი 2024,   04:27
ვრცლად
თაღლითობა სკოლაში - დევნილი ბავშვების განათლებისთვის დასახარჯი ნახევარი მილიონი, სკოლის დირექტორმა და ბუღალტერმა მიითვისეს

აფხაზეთის მე-15-ე საჯარო სკოლაში დღეს შეიტყვეს, რომ მათი ყოფილი დირექტორი და სასწავლო დაწესებულების ბუღალტერი, სამართალდამცველებმა დააკავეს. ზაზა კოკაია და გიორგი ჩხეიძე სახელმწიფო ხარჯების მითვისებაში და დოკუმენტაციის გაყალბებაში არიან ბრალდებულები.

პედაგოგებმა, რომლებიც ბრალდებულებთან წლების განმავლობაში მუშაობდნენ, დანაშაულის დეტალები არ იციან. ისინი "კურიერს" უყვებიან, რომ კოკაიამ და ჩხეიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე, 2023 წლის გაზაფხულზე დატოვეს და სკოლის ადმინისტრაციისთვის მიზეზები არ განუმარტავთ.

გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ სკოლის დირექტორმა და ბუღალტერმა, სასწავლო დაწესებულებას, 8 წლის განმავლობაში დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენეს. სქემის მიხედვით, გიორგი ჩხეიძე და ზაზა კოკაია სასწავლო დაწესებულებისთვის განკუთვნილი თანხების ნაწილს საკუთარ, ნაწილს კი ახლობლების ანგარიშებზე რიცხავდნენ.

"კურიერმა" სკოლის დირექტორის და ბუღალტრის საქმეზე მასალების ნაწილი მოიპოვა. მათ შორის, აფხაზეთის მთავრობის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესყიდვების სპეციალისტის ჩვენება. მან სასწავლო დაწესებულება პირადად შეამოწმა. მოწმე იხსენებს, რომ სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფოსგან და საერთაშორისო დონორისგან სკოლას 122 595 ლარი ჩაერიცხა. 43 100 ლარი კოკაიამ და ჩხეიძემ დამკვეთს გადაუხადეს, დანარჩენი კი საკუთარ ანგარიშებზე ჩაირიცხეს.

"კურიერის" მიერ მოპოვებულ საქმის მასალებში, თეონა ქობალიას ჩვენებაც დევს. ზაზა კოკაიას მეუღლე ადასტურებს, რომ მის საბანკო ანგარიშებზე თანხა ირიცხებოდა, თუმცა რა მიზნისთვის, არ იცოდა.

"კურიერი" ზაზა კოკაიას სახლშიც მივიდა, ოჯახს დანაშაულის დეტალებზე საჯაროდ საუბარი არ სურს.

შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე, გენერალურ პროკურატურას აფხაზეთის მთავრობის შესაბამისმა სამსახურმა მიმართა. მანამდე კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სკოლაში დოკუმენტები შეამოწმა.

აფხაზეთის მე-15 ე სკოლის ყოფილი დირექტორი და ბუღალტერი, დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებენ. "კურიერი" ბრალდებულების ადვოკატს ესაუბრა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზაზა კოკაიას და გიორგი ჩხაიძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


დღის ამბები