22 აგვისტო 2026,   19:13
ვრცლად
პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა. მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე, რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა.

იმავე დღეს „კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.

როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით.

დღის ამბები