"ლელოსგან" ინტერესდებიან, როგორ მოდის ხელისუფლებაში 6%-ით - მამუკა ხაზარაძის გუნდის ახალი პოლიტიკური სტრატეგია პარტიების უმრავლესობისთვის გაუგებარია.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვლენ, თუმცა იმ რეიტინგების თანახმად, რომელსაც თავად ენდობიან, ამ დროისთვის, ამომრჩევლის 6%-იანი მხარდაჭერა აქვთ.
აქედან გამომდინარე, ოპონენტები ხაზარაძე- ჯაფარიძის გუნდს უსვამენ კითხვას, რა გზით მოდიან ხელისუფლებაში, თუ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციას არ გეგმავენ.
როგორც "ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი განმარტავს, ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით, "ლელოს" წევრების განცხადებები, ძალიან უხერხულია და ფანტასტიკის გარდა არაფერია. მისი თქმით, "ლელოს" წევრები კარიკატურული და ხელმოცარული პოლიტიკოსები არიან.
"ლელო" არის პარტია, რომელსაც წევრი უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე - მხარდამჭერი, ანუ მათი პარტიის წევრებიც კი სხვა პარტიებს უჭერენ მხარს. შესაბამისად, როდესაც ეს ადამიანები 1%-ით ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობენ, ცხადია ეს ძალიან უხერხულია და ფანტასტიკის გარდა არაფერია. ფაქტია, რომ ესა ადამიანები არიან კოლექტიური "ნაცმოძრაობის" წევრები და მათ აქვთ "ნაცმოძრაობის" იმედი. თუმცა, აქაც ხელმოცარულები დარჩებიან, ვინაიდან "კოლექტიური ნაცმოძრაობას" ჩვენი საზოგადოება კოლექტიურად ეტყვის უარს. ხაზარაძესა და მისთანებს, ერთდროულად უნდათ, იყვნენ ამ ქვეყნის პარლამენტარებიც, პრეზიდენტებიც, პროკურორებიც, მოსამართლეებიც, ზონდერებიც და ა.შ. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მხოლოდ კარიკატურული და ხელმოცარული პოლიტიკოსების როლს მოირგებენ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.