16 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
დემოკრატიული არჩევნების გზით ვაპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას - ანა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "ლელო" დემოკრატიული არჩევნების გზით აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის კონკრეტული გეგმები აქვს.

მისი განმარტებით, "ლელოს" მთავარი კოალიცია ქართველ ხალხთან აქვს გაფორმებული, რომელთა ხელშიც ქვეყნის მომავალია.

"დღეს, ეს არის ჩვენი მთავარი სამუშაო, როგორ გამოგვყავს ქვეყანა კრიზისიდან. ძალიან კონკრეტული გეგმები, ძალიან კონკრეტული რეფორმები, სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები გვაქვს. ჩვენ, სწორედ დემოკრატიული არჩევნების გზით ვაპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას. ჩვენ, მთავარი კოალიცია გვაქვს საქართველოს მოქალაქეებთან, რომელთა ხელშიც არის ამ ქვეყნის ბედის გადაწყვეტა", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ისინი ყველა პროევროპულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან ითანამშრომლებენ, რომელიც მათ შეხედულებებს გაიზიარებს.

"ყველა პროევროპულ ოპოზიციურ ორგანიზაციას, პარტიას ვუსურვებ წარმატებას და, რა თქმა უნდა, 5%-იანი ბარიერის გადალახვას. ჩვენ არ გვინდა, რომ ასეთი ტიპის პარტიები დარჩნენ ბარიერს მიღმა. ჩვენი მთავარი კონკურენტი არის ბიძინა ივანიშვილის პარტია. ჩვენ გვინდა, რომ ეს პარტია დავამარცხოთ. ამ საქმეში ვინც გაგვიერთიანდება და ვინც ჩვენს ხედვებს გაიზიარებს, რა თქმა უნდა, ყველასთან ვითანამშრომლებთ", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

"გირჩის" წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, "ლელომ" "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიცია ახლავე უნდა შეკრას და, ამ მეთოდით, პარლამენტში უფრო მეტი დეპუტატის შეყვანის საშუალება ექნება.

"ლელო" და გახარიას პარტია ძალიან უცნაური პარტიებია, რომლებიც სინამდვილეში არ ამბობენ, როგორ, მაგრამ ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოდიან, თან - მარტო. ჩემი აზრით, მათ "ნაცებთან" კოალიცია ახლავე უნდა შეკრან, რადგან "ნაცების" იქით გზა მაინც არ აქვთ არჩევნების მერე და ჯობია, რომ ფულის დამოუკიდებლად ფანტვას, ფული "ნაცებში" დააბანდონ და ბევრად მეტი დეპუტატი შეიყვანონ პარლამენტში. გააჩნია, რამდენს გადაიხდის, თორემ 10 კაცის შეყვანის შანსიც კი ექნება "ლელოს" "ნაცებთან" ურთიერთობით", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები