პრეზიდენტი დეკემბრის შემდეგ პენსიაზე არ გავა, სალომე ზურაბიშვილი რეალურად ოპოზიციის დამხმარედ გვევლინება - რომან გოცირიძის ეს განცხადება პოლიტიკური დისკუსიის თემაა.
გოცირიძე ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის როლი ოპოზიციის გაერთიანებაში დიდი იქნება და მას პარტიები არ უნდა გაემიჯნონ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" წევრი ხატია დეკანოიძე არ მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი რომელიმე პარტიის დამხმარე შეიძლება იყოს. დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფოს დამხმარეა ევროინტეგრაციისა და 9 პუნქტის შესრულების კონტექსტში.
"მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სახელმწიფოს დამხმარეა იმ კონტექსტში, რაც მას დღეს აქვს არჩეული. ეს არის ევროინტეგრაცია და 9 დათქმის შესრულება. მე არ მგონია, რომ ის რომელიმე პარტიის დამხმარე შეიძლება იყოს, მე მგონია, რომ მისი სიტყვებიც და პოზიციაც, რაც ჩვენ ვისაუბრეთ, იყო მხოლოდ და მხოლოდ რეფორმებზე დაფუძნებული", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.