პრეზიდენტი დეკემბრის შემდეგ პენსიაზე არ გავა, სალომე ზურაბიშვილი რეალურად ოპოზიციის დამხმარედ გვევლინება - რომან გოცირიძის ეს განცხადება პოლიტიკური დისკუსიის თემაა. გოცირიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის როლი ოპოზიციის გაერთიანებაში დიდი იქნება და მას პარტიები არ უნდა გაემიჯნონ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, რომან გოცირიძის განცხადება განპირობებული იყო იმით, რომ ამის დამალვას უკვე აზრი არ ჰქონდა და სალომე ზურაბიშვილი ოპოზიის ფლანგზე მოქმედი ერთ-ერთი რიგითი პოლიტიკოსია.
"ამ შემთხვევაში, არ მგონია, რომ ეს იყო უბრალოდ წამოცდენა ბატონი გოცირიძის მხრიდან. ეს განცხადება, როგორც ჩანს განპირობებულია იმით, რომ თვითონაც კარგად ხვდებიან, ამის დამალვას უკვე უბრალოდ აზრი არ აქვს. ყველასთვის აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, რაც გახლავთ არა პრეზიდენტი, არამედ ოპოზიციის მხარეს და ფლანგზე მოქმედი ერთ-ერთი რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. მისი აქტივობები, განცხადებები, რიტორიკა, მისი მუშაობის სტილი, გამწვავების მცდელობებიც - სწორედ ამ მიზანს ისახავს, რომ ამ შემთხვევაში, პროცესები უფრო რადიკალური გახდეს.
ოპოზიციონერების შეცვლილი რიტორიკა ზურაბიშვილთან მიმართებაში შესაძლებელი აიხსნას მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ გარკვეული ცენტრი არსებობს, საიდანაც იმართება, ამ შემთხვევაში, ზურაბიშვილიც და ის ოპოზიცინიორებიც, რომლებმაც დამოკიდებულება შეიცვალეს", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.