პრეზიდენტის შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად ეკა ბესელიას შესაძლო დანიშვნას მმართველ გუნდში ეხმიანებიან და ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა, თავისი ოფისი "რადიკალური ოპოზიციის ციტადელად" აქციოს:
"თუ ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს, ყველა რისკს, გამომდინარე წინა სკანდალიდან, უკვე თავის თავზე აიღებს. ეს მოვლენების ჯაჭვში საკმაოდ კარგად ჯდება და რა ნაბიჯებსაც დგამს ქალბატონი ზურაბიშვილი, იმ ნაბიჯებს ეხმიანება. ზურაბიშვილს აქვს გაცხადებული პოზიცია, მას უნდა რადიკალური ოპოზიციის ციტადელად აქციოს თავისი ოფისი,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.
ეკა ბესელია პრეზიდენტის შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად ინიშნება. ინფორმაციას სააგენტო Kvira.ge ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ინფორმირებული წყარო, ზურაბიშვილის ადმინისტრაციიდან, ადასტურებს, რომ კონსულტაციები უკვე დასრულდა და შემდეგ კვირას მისი წარდგენა იგეგმება.
"კურიერი" ბესელიას დაუკავშირდა. ის, ამ ეტაპზე, გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.