29 სექტემბერი 2024,   05:25
ვრცლად
დაკავებულია პირი, რომლის გამოც ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის ბორტი ქუთაისში დააბრუნეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 15 თებერვალს, ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.

"კურიერმა" გაარკვია, რომ დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც უკვე გადაყვანილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. უცნობია, აღიარებს თუ არა დაკავებული დანაშაულს.

დაკავებულს ბრალი, ჯერ-ჯერობით, დაზუსტებული არ აქვს, ის უკვე შეხვდა საკუთარ უფლებადამცველს.

ირკვევა, რომ მოქალაქემ, სხვისი ნომრიდან, WIZZ AIR-ის სათავო ოფისში დარეკა, რის შემდეგაც რეისის დროებით გაუქმება გახდა საჭირო. ჩატარდა ყველა შესაბამისი და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება, საბოლოოდ კი ბორტზე ბომბი არ აღმოჩნდა.

"აღნიშნულმა პირმა, უნგრეთში მდებარე კომპანია WIZZ AIR-ის სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან, განახორციელა სატელეფონო ზარი კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.

მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ფრენის რეჟიმში მყოფი რეისი ნომრით 66417, ქუთაისი-ბარსელონა დაბრუნებულ იქნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ოპერატიულად განახორციელა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება. აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა,"- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა ბაჩა მგელაძემ.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 3-დან 6 წლამდე, ან 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 
დღის ამბები