16 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
ამის უკან დგას შიში სამართლიანი არჩევნების მიმართ - ანა ნაცვლიშვილი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე

იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. ცვლილებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევას ეხება.

კანონპროექტი მიუღებელია ოპოზიციისთვის. პარტიების ნაწილი ამბობს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებული არ არის, ცვლილებები ფასადურია და კანონის მიღება ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებად ვერ ჩაითვლება.

პარტია "ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ამ კანონპროექტის მიღმა, რომელსაც მმართველი გუნდი მესამე მოსმენით მიიღებს, სამართლიანი არჩევნების ჩატარების შიში დგას.

მისივე თქმით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირის 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, უხეშად დაირღვევა.

"ის კანონი, რომელსაც "ქართული ოცნება" რამდენიმე წუთში, მესამე მოსმენით დაუჭერს მხარს, არის ევროკავშირის 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი რეკომენდაციის უხეში დარღვევა. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებასა და დავალებას, რომელიც მან მისცა კონსტიტუციურად თითოეულ სახელმწიფო ორგანოს. გასაგებია, რომ ამის უკან დგას შიში სამართლიანი არჩევნების მიმართ", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, არსებული კანონპროექტი ევროკავშირის რეკომენდაციასთან თავსებადი არ არის.

"ევროკომისიის რეკომენდაციებთან თავსებადობაში ეს კანონპროექტი ნამდვილად არ არის. თუ მაინც მიღებას აპირებდნენ, მიუხედავად იმისა, ვენეციის კომისია დადებით რეკომენდაციას მოგვცემდა თუ უარყოფითს, მაშინ პირდაპირ მიეღოთ, ვიდრე უარყოფითი რეკომენდაციის შემდგომ იმ ფრომით მიეღოთ, რა ფორმითაც იღებენ. სამწუხაროა ყველაფერი და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ფასადურად აკეთებენ ამას", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები