საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. პრემიერს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.
კომენტარი მედიასთან უკვე გააკეთა ჟოზეფ ბორელმა, რომელმაც კიდევ ერთხელ თქვა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ამასთან, ბორელმა უპასუხა კითხვას - რა იქნება ევროკავშირის მთავარი გზავნილი საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას.
"ხვალ ჩვენ შევხვდებით თქვენს ახალ პრემიერ-მინისტრს. ჩემი მთავარი გზავნილი წახალისება და ევროპულ გზაზე მუშაობის გაგრძელება იქნება. ისინი კარგად მუშაობენ. არსებობს ძლიერი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების და ეს საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობაა," - აღნიშნა ბორელმა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რის შემდეგაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან. ასევე, მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.