16 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
უნდათ, რომ რაღაც მეათე ხარისხოვანი თემები გამოჩიჩქნონ, ვითომ დისკრედიტირების მიზნით - გრიგოლ გეგელია Lisi Lake Development-ის რეიტინგთან დაკავშირებით

ხაზარაძე-ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიის, Lisi Lake Development-ის რეიტინგის შესახებ, რომელიც B პლიუსიდან B მინუსამდე შემცირდა, პროგნოზი კი სტაბილურიდან ნეგატიურით შეიცვალა, პოლიტიკოსები ეხმაურებიან. 

Lisi Lake Development მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიაა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოშიც ახლა მათი ოჯახის წევრები არიან. თემაზე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები. 

ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის პარტიაში ამბობენ, რომ ისინი აღნიშნულ საკითხს და გამოქვეყნებულ რეიტინგებს არ იცნობენ. კომპანიის წარმომადგენლებმა კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან რაიმე სახის კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

"არ ვიცნობ საკითხს და არ ვიცნობ კერძო კომპანიების შიდა ცხოვრებას თუ რეიტინგებს. ეს არის მათი საკითხი, ამიტომ კომპანიას უნდა მიმართოთ ამ საკითხზე. უნდათ, რომ რაღაც მეათეხარისხოვანი თემები გამოჩიჩქნონ, ვითომდა დისკრედიტირების მიზნით. ეს არის ისეთი საკითხი, რომელზეც კომპანიამ უნდა გააკეთოს თავად კომენტარი", - ამბობს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია. 

ცნობისთვის, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა რეიტინგის შემცირება რამდენიმე მიზეზით ახსნა. მათ შორის საკრედიტო მონაცემების გაუარესება, მოკლევადიანი ვალის დასაფარად აქტივების გაყიდვა და ობლიგაციების რეფინანსირება. ანგარიშში მიზეზად ასევე წერია საოპერაციო საქმიანობის გაუარესება, სუსტი მენეჯმენტი, ინვესტორებთან გაურკვეველი ურთიერთობა და ბიზნეს პირობების ცვალებადობა.

 

 

დღის ამბები