რევანშისტული და ძალადობრივი, - ასე აფასებს მმართველი გუნდი ლელოს კამპანიას და მორიგ ბანერს, რომელიც კვლავ ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში გაშვების დაპირებას უკავშირდება. კიდევ ერთი ბანერი, ამჯერადაც, "ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის "ფეისბუქის" პირად გვერდზე გავრცელდა.
"ქართულ ოცნებასთან" ერთად, "ლელოს" პოლიტიკური პიარის ამ ფორმას არ იზიარებს არც ოპოზიციის ნაწილი, თუმცა "ლელო" კამპანიას აგრძელებს. პოლიტიკური პარტიების შეფასებით, მსგავსი რიტორიკა წამგებიანია და ისევ ოპოზიციას აზიანებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, საბოლოოდ, საზოგადოება არჩევნების შედეგად გადაწყვეტს, როგორი იქნება შემდეგი მთავრობა.
"საბოლოო კონფიგურაციას, თუ როგორი იქნება შემდეგი მთავრობა, გადაწყვეტს საქართველოს მოქალაქე, არჩევნებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ყველა პროდასავლურ ძალასთან, არჩევნების შემდგომ დამდგარი რეალობიდან ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, თუმცა დღეს საუბარი იმაზე, ვისთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, ან რა იქნება საკითხები, რომელთა გარშემოც შეიძლება გაერთიანდნენ პოლიტიკური ჯგუფები, ნაადრევად მიმაჩნია, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" მზაობა არსებობს", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
პარტია "გირჩის" ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი "ლელოს" განცხადებას სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან მიიჩნევს, რომ "ლელოს" ამხელა გამბედაობა არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პოლიტიკური შურისძიების მოთხოვნა იქნებოდა.
"სერიოზულად რომ აღვიქვათ, ეს იქნება პოლიტიკური შურისძიების მოთხოვნა, მაგრამ იმდენად არადამაჯერებელია "ლელოს" ყველა მოთხოვნა, რომ, მგონი, თვითონ ვერ გაერკვნენ, რას აკეთებენ. შეიძლება, სულ სხვა მოტივი ჰქონდათ, ამიტომ მე სხვა მოტივების ძებნას დავიწყებდი და არა ის, რომ "ლელო" შურისძიებას იწყებს. არ მგონია, ასეთი გამბედაობა ჰქონდეთ. არითმეტიკა, რიცხვების სწავლა, ეს უფრო შეესაბამება სიტუაციასა და გათვლების იმ დონეს, რაც "ლელოშია", ვიდრე ის, რომ პოლიტიკური შურისძიებით იქნებიან დაკავებულნი", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.