საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად და ეს არის მისი და მისი გუნდის ამბიცია. პრემიერმა ეს განცხადება ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრები ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
"ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. შეხვედრები ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ევროინტეგრაციის კონტექსტში, საუბარი გვქონდა და განვიხილეთ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. განვიხილეთ კონკრეტული პროექტები, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ერთობლივად. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები გვაქვს. 2030 წელს, ეს წელი იყო ნახსენები პრეზიდენტი მიშელის მიერ, საქართველო იქნება უფრო მეტად მზად, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა წევრობისთვის. ეს არის ჩვენი ამბიციური გეგმა, ეს არის ჩვენი ამბიცია და ჩვენ ვართ ერთგული ამ დღის წესრიგისადმი და იმ ნაბიჯებისათვის, რომელიც გადასადგმელია ევროინტეგრაციისათვის. იმედი გვაქვს, რომ 2030 წლისათვის მაინც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.