"ლელო საქართველოსთვის" კამპანია დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკრიტიკეს. საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაც შეახსენეს და თქვეს, რომ მამუკა ხაზარაძის პარტია, "ნაციონალური მოძრაობის" იდეური მემკვიდრეა. "ლელომ " დღეს ბიძინა ივანიშვილის რუსეთში გაშვების კამპანიის ფარგლებში ახალი ბანერი გამოაქვეყნა, სადაც ხაზარაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტში გამგზავრებას 36 კვირაში აანონსებს. ეს კი, სახელისუფლებო პარტიისთვის რევანშისტული პოლიტიკის გაცხადებული დაანონსებაა.
როგორ აპირებს "ლელო" წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს ლიდერის ნაცვლად, კვლავ პარტიის წევრებს მოუწიათ. მამუკა ხაზარაძის თანაგუნდელები ბიძინა ივანიშვილს რუსეთში გამგზავრებას მის წარსულ ბიზნეს საქმიანობას უკავშირებენ, თუმცა უჭირთ ახსნა, თავად ხაზარაძემ როგორ იშოვა პირველი მილიონები მოსკოვში. "ლელო" საკუთარი დაპირების ასრულების გზას კვლავ სამართალდამცავ უწყებებში ხედავს.
"ლელოს" პიარ-სტრატეგია მიუღებელია კოლეგების უმრავლესობისთვის. ოპოზიციაში პარტიის ლიდერებს დღეს წინასაარჩევნო კამპანიის დაუწუნეს. თქვეს, რომ რევანშიზმი ნებისმიერი ფორმით მიუღებელია. მათი აზრით, "ლელოს" კამპანია საერთო ოპოზიციურ სპექტრს აზიანებს.
რადიკალიზმი და ბოლშევიზმი - ასე შეაფასეს მმართველი პარტიის ლიდერებმა "ლელოს" მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწყებული საარჩევნო კამპანია. პოლიტიკოსებმა, "ლელოს" დამფუძნებელს წარსული და "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირი შეახსენეს. თქვეს, რომ ხაზარაძე უკვე რამდენიმე კვირაა ივანიშვილის ქვეყნიდან იძულებით გაშვებას პროკურატურის ხელით აანონსებს, რაც ძალადობრივი სურვილის პირდაპირი მტკიცებულებაა.
Retro Ford Mustang-ით დაწყებულ საარჩევნო კამპანიას, "ლელო" "ქართული ოცნების" დამფუძნებლის მოსკოვში გაშვების დაპირებით განაგრძობს.