16 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
ოპოზიციის ახალი სტრატეგია - გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების გადაბირებას ნიკა გვარამია თავისი ფორმულით აპირებს

"მთავარი არხის" დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერთან წარსულზე კითხვები აღარ აქვს. ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლების შესაცვლელად მზადაა, "ნაცმოძრაობის" გარდა, გახარიას პარტიასთანაც ითანამშრომლოს. ყველა მინუს "ოცნება" - ასეთია გვარამიას ფორმულა, სადაც ნაცმოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსანი ადგილს გიორგი გახარიასთვისაც ხედავს.

"ნუ გვეტენებით" - ასე გამოეხმაურა გახარიას პარტიის ოფიციალური გვერდი, ნიკა გვარამიას იდეას. პარტიაში ამტკიცებენ, რომ "ნაცმოძრაობის" ყოფილ და მოქმედ წევრებთან თანამშრომლობა არცერთ ფორმატში არ სურთ. თუმცა, არ ხსნიან, რატომ დათანხმდნენ რეგიონების საკრებულოებში "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას, რომელიც დღემდე გრძელდება.

ოპოზიციის სტრატეგიას, "ნაციონალური მოძრაობისგან" ფორმალურად დისტანცირების მცდელობას უწოდებს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ნაცმოძრაობასთან იდეურ კავშირში მყოფი პარტიები - "ლელო", "საქართველოსთვის", ნიკა გვარამიას გუნდი და სხვები, ელექტორატის იმ 20 პროცენტის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რომლისთვისაც სააკაშვილის პარტია მიუღებელია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპონენტების დივერსიფიცირების რეალური მიზანი, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მობრუნებაა.

"ნაციონალური მოძრაობა" სამომავლო კოალიციურ ერთობაში, საკუთარ თავს, მხოლოდ ლიდერის რანგში ხედავს. "ნაცმოძრაობის" საარჩევნო პარტნიორ, "სტრატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ მზად არიან გამარჯვებისთვის ყველას პოლიტიკური წარსული დაივიწყონ. კოალიციის იდეას არც "ლელო" გამორიცხავს. კოლეგებისგან განსხვავებულია "გირჩის" პოზიცია. პოლიტიკურ ცენტრში ოპოზიციის ნაწილს ელექტორატის მოტყუების მცდელობაში ადანაშაულებენ.

"სიცრუე ამომრჩევლის შეცდომაში შესაყვანად" - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია, ოპონენტების განახლებულ ტაქტიკაზე. კანონმდებლების აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" შენიღბვის ნებისმიერი მცდელობა, წარუმატებელი იქნება. მათი თქმით, "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" არჩევნებზე ბარიერის გადალახვის მიზერული შანსიც კი არ აქვს. საპარლამენტო არჩევნებამდე 8 თვით ადრე, ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყეს. ნაწილი "ფორდ მუსტანგით" ქვეყნის შემოვლას, ნაწილი წარსულის დავიწყებას, ნაწილიც კი არჩევნებამდე "ნაცმოძრაობისგან დისტანცირებას" გეგმავს.

დღის ამბები