პარლამენტში მორიგი სამუშაო შეხვედრა დაიწყო. განხილვის საგანი მართლმსაჯულების რეფორმაა. შეხვედრას ესწრება ყველა "ლელოს" გამოკლებით. პარლამენტში უმრავლესობის და ოპოზიციის გარდა იმყოფებიან მესამე სექტორის წარმომადგენლებიც.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები წარადგენენ საკუთარ ხედვებს, თუ როგორ ესახებათ ერთ-ერთი რეკომენდაციის, მართლმსაჯულების რეფორმის შესრულება.
ფონდ "ლიბერალური აკადემია თბილისის" დირექტორის, ლაშა ტუღუშის თქმით, არაერთი დასკვნა იმეორებს, რომ უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს კომპლექსური რეფორმა.
"წინადადებები, დაწყებული იუსტიციის საბჭოს კომპლექსური რეფორმიდან, რასაც გვთავაზობს ვენეციის კომისია და გვთავაზობს დაჟინებით, არაერთი დასკვნა იმეორებს დაჟინებით, რომ ამას მიხედეთ და ეს უნდა იყოს კომპლექსური რეფორმა, ასევე დანარჩენი საკითხები, რომელიც ძალიან მწვავე და მტკივნეულია, მათ შორის, ე.წ. კეთილსინდისიერების შემოწმება მოსამართლეების, მივლინებები," - აცხადებს ლაშა ტუღუში.
შეხვედრას ესწრება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი.
"ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ერთადერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის არის ისეთივე არჩევნები ჩავატაროთ, როგორც ვატარებთ პოლიტიკოსების არჩევის შემთხვევაში, მოსამართლეების, პოლიციის უფროსების და პროკურორების. ასევე, მეორე საკითხია ნაფიცმსაჯულების გაფართოება. ანუ, გაგვევრცელებინა არა მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე, არამედ გაგვევრცელებინა ყველა იმ შემთხვევაზე, როდესაც ადამიანს, ბრალდებულს ციხე ემუქრება," - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.
შეხვედრას ასევე ესწრება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ ის დამკვირვებლის როლშია.
"ეს არის კომპლექსური საკითხი, სადაც კონკრეტულად ერთი მხარე ვერ მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას. ამაზე უნდა იყოს ფართო კონსენსუსი მიღწეული, როგორც აღმასრულებელი, ისევე საპარლამენტო მხრიდან, ასევე არასამთავრობოები, რომლებიც ჩართულები არიან ამ საკითხის შესწავლაში," - აცხადებს გიორგი მსხილაძე.