16 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
ჯოზეფ ბორელმა ჩვენთან საუბარში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების სხდომა შეაფასა, როგორც საუკეთესო სხდომა, რომელიც ოდესმე ჩატარებულა - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომისიის ვიცე- პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, საქართველოს დელეგაციასთან საუბრისას, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების სხდომა შეაფასა, როგორც საუკეთესო სხდომა, რომელიც ოდესმე ჩატარებულა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ბრიუსელში ჩატარებული ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. 

მისი განმარტებით, ყველა შეხვედრაზე გამოიკვეთა პარტნიორების განსაკუთრებული კეთილგანწყობა საქართველოსა და ქართული დელეგაციის მიმართ.

"როგორც მოგეხსენებათ, ვიზიტის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისართან გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან, ევროკომისართან ჰუმანიტარული დახმარების და კრიზისების მართვის საკითხებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან და ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომები. ყველა შეხვედრაზე გამოიკვეთა პარტნიორების განსაკუთრებული კეთილგანწყობა ჩვენი ქვეყნისა და დელეგაციის მიმართ, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო.

ჯოზეფ ბორელმა, ჩვენთან საუბარში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების სხდომა შეაფასა, როგორც საუკეთესო სხდომა, რომელიც ოდესმე ჩატარებულა. ძალზე საქმიანად და პოზიტიურად წარიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო, როგორც თანამშრომლობის ზოგად მიმართულებებს, ასევე კონკრეტულ ინიციატივებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებამდეც მისცემს შესაძლებლობას ისარგებლოს იმ პრაქტიკული სიკეთეებით, რომლებითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათი მოქალაქეები სარგებლობენ. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით გამოვყოფ ევროპელი პარტნიორების მკაფიო დაპირებებს, საქართველოს ერთიან ევროპულ ანგარიშსწორების სისტემაში ინტეგრირებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის როუმინგისა და მობილური ინტერნეტის ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით.

ქართული დელეგაციის სახელით, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ეფექტიანი წარმოდგენისთვის მინდა მადლობა გადავუხადო, საქართველოს მთავრობის წევრებს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, პირველ ვიცე პრემიერს ლევან დავითაშვილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანს. ბრიუსელში გამართული ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველოს სწრაფი ტემპით ივლის წინ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რაც ვთქვი ბრიუსელში, 2030 წლისთვის, კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად, როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური კუთხით", - განაცხადა ირაკლიკობახიძემ.

დღის ამბები