ულტიმატუმი ნავალნის დედას - რუსი ოპოზიციონერის პრეს-სპიკერის ინფორმაციით, ის ან საიდუმლო ვითარებაში, ცერემონიის გარეშე შვილის დასაფლავებას დათანხმდება ან ცხედარს კოლონიის ტერიტორიაზე დაკრძალავენ. როგორც კირა იარმიში სოციალურ ქსელში წერს, დედას გადაწყვეტილების მისაღებად სამი საათი მისცეს.
მისივე თქმით, ნავალნის დედამ უარი თქვა საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებთან მოლაპარაკებაზე და მოითხოვა, რომ კანონის თანახმად, შვილის ცხედარი ოჯახს, სიკვდილის მიზეზის ოფიციალურად დადგენიდან ორ დღეში, გადაეცეს.
ლიუდმილა ნავალნაიამ შვილის ცხედარი გუშინ, 22 თებერვალს ქალაქ სალეხარდში ნახა. როგორც იგი ამბობდა, გამომძიებლები მას აშანტაჟებენ, რათა რუსი ოპოზიციონერი ფარულად დაასაფლავონ.