16 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
რუსეთის აგრესიას ახსნა არ აქვს, სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა არ შეიძლება გამართლდეს - საქართველოს მხრიდან, გაკეთდა ყველაფერი, რაც შეიძლება გაკეთებულიყო - მიხეილ სარჯველაძე

რუსეთის ფედერაციის აგრესიას, ვფიქრობ, რომ ახსნა და არგუმენტაცია არ აქვს. სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდასხმა, არცერთ შემთხვევაში, არ შეიძლება გამართლებული იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, მთელმა კაცობრიობამ იზრუნოს იმაზე, რომ მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში და აღდგეს სამართლიანობა.

"არ შეიძლება იყოს შეწყნარებული ის, რაც ხდება დღეს უკრაინაში. ბუნებრივია, საქართველოს მხრიდან, რაც შეიძლება გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ჰუმანიტარულად მხარში დგომა და ყველა დახმარების აღმოჩენა. თუმცა, ჩვენ ავხსენით ისიც, რომ მაგალითად, ისეთი რადიკალური ზომების მიღებისგან, როგორიც არის აქტიურ სამხედრო მოქმედებებში ჩართვა, სამხედრო მხარდაჭერა, სანქციების დაწესება, რასაც შეუძლია გამანადგურებელი ეფექტი იქონიოს საქართველოზე, ამის უფლებას საკუთარ თავს ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივცემთ. ეს უბრალოდ შეუძლებელი და წარმოუდგენელია იმიტომ, რომ საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები დევს სასწორზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი! ამით გარისკვის უფლება ჩვენ, არცერთ შემთხვევაში, არ გვაქვს. ეს არის მთავარი, რაც, რა თქმა უნდა, უნდა ესმოდეს და კარგად ესმის საქართველოს მოსახლეობას, ოპოზიციის გამოკლებით და უნდა ესმოდეს, რა თქმა უნდა, უკრაინასა და მთლიანად ცივილიზებულ სამყაროს", -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა.

 

დღის ამბები