16 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პირდაპირ ფინანსდება საზღვარგარეთიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი, ეს საქართველოს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის ტოლფასია

დაიწყებს თუ არა ანტიკორუფციული ბიურო პარტიებთან დაკავშირებული ენჯეოების დაფინანსების საკითხის შესწავლას - "სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარე თვლის, რომ თუ ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფული შემოედინება, ეს ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა შეისწავლოს.

ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არასამთავრობოებთან კავშირშია, ირწმუნება, რომ ეს კანონდარღვევა არ არის. უმრავლესობა კი ყალბი ენჯეოების მეშვეობით, შემოწირულობის მისაღებად, ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილ სქემაზე საუბრობს.

როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ოპოზიციის დიდი ნაწილი სწორედ საზღვარგარეთიდან ფინანსდება, რაც საარჩევნო წლის გათვალისწინებით, საქართველოს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევას ნიშნავს. პარლამენტის თავმჯდომარეს მაგალითად "ევროპის დემოკრატიის ფონდი" მოჰყავს. შალვა პაპუაშვილი დონორებს და ელჩებს მიმართავს, საკითხს ყურადღება მიაქციონ.

"ოპოზიციურ პარტიებს შექმნილი აქვთ სქემა, ყალბი NGO-ის მეშვეობით იმისთვის, რომ უკანონო შემოწირულობები მიიღონ. თან ეს უკანონო შემოწირულობაც არის და უკანონო შემოწირულობაც. აქ საუბარი გვაქვს უცხოეთიდან დაფინანსებაზე.

ფაქტიურად, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ოპოზიციის დიდი ნაწილი ფინანსდება პირდაპირ საზღვარგარეთიდან. ეს ტოლფასია, ნებისმიერი ჩარევა ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევაა. დავასახელებ კიდევ ერთხელ, "ევროპის დემოკრატიის ფონდი" დაფარული აქვს საკუთარი ხარჯები საქართველოში და არ უმჟღავნებს არც ქართველ საზოგადოებას და არც ევროკავშირის მოქალაქეებს და როგორც ჩანს, პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და ერევა არჩევნებში.

არჩევნების სათანადო ჩატარება 9 პუნქტის ერთ-ერთი ნაწილი გახლავთ და აქ ჩვენ მარტო ამ პრობლემას ვერ გავუმკლავდებით. აქ უნდა ჩაერიოს ევროკავშირი, მისი წარმომადგენლობა, ევროკომისია, ვინაიდან "ევროპის დემოკრატიის ფონდი" გახლავთ ევროკავშირის დაფუძნებული ინსტიტუცია, რომლის მმართველობაშიც ძლიერად არიან წარმოდგენილნი ევროპარლამენტარები, მათ შორის ისინი, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან". უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში, წინასაარჩევნო აგიტაციაში და უნდა შეწყდეს ასეთი დაფინანსება. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა დონორს, ყველა საელჩოს, რომ ყურადღება მიაქციონ, მათი არცერთი ცენტი არ აღმოჩნდეს პარტიულ ყულაბაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები