16 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
არის ძალიან დიდი რესურსი, რომელიც არსებობს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის სახით, "ლელო" მუშაობს იმაზე, რომ ამ ხალხს საკუთარი თავი აჩვენოს როგორც ალტერნატივა - საბა ბუაძე

არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტრუქცია ოპოზიციას - ასე აფასებს მმართველი გუნდი ნინო ლომჯარიასა და ბაია პატარაიას განცხადებებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ "ლელოს" გარშემო უნდა შეიქმნას ე.წ. შუაშისტური გაერთიანება, რომელიც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმებს მიიზიდავს.

"ლელოში" აცხადებენ, რომ ყველა კვლევის თანახმად ძალიან დიდი რესურსი არსებობს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის სახით. საბა ბუაძის განცხადებით, ეს ხალხია სწორედ ის, ვისაც სურს ცვლილება და "ლელო" მუშაობს, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს საკუთარი თავი აჩვენოს როგორც ალტერნატივა.

"ყველა კვლევა აჩვენებს, რომ არის ძალიან დიდი რესურსი, რომელიც არსებობს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის სახით. ეს არის ის ხალხი, რომელსაც უნდა ცვლილება და "ლელო" მუშაობს იმაზე, რომ ამ ხალხს საკუთარი თავი აჩვენოს როგორც ალტერნატივა. ამიტომაც არ ვსაუბრობთ ჯერ არანაირ პარტნიორობაზე. პერსონალიები და პარტიები ვერ და არ უნდა იყოს პოლიტიკური თანამშრომლობის მთავარი განმსაზღვრელი. პოლიტიკური თანამშრომლობა აგებული უნდა იყოს კონკრეტულ პოლიტიკურ შინაარსზე, ამიტომაც ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც "ლელო" მიიღებს კოალიციასთან ან თანამშრომლობასთან დაკავშირებით ნაკარნახევი იქნება შინაარსობრივ-იდეურ თანხვედრასთან," - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის" თავმჯდომარე საბა ბუაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე კი ამბობს, რომ "ნაცმოძრაობის" მთავარი "მოტორი" მიხეილ სააკაშვილია.

"ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მოტორი მიხეილ სააკაშვილია. ამას ყველა ხედავს. "ნაცმოძრაობას" მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბევრი მოტორი ჰყავს, რომელთან ერთადაც კიდევ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. "ნაცმოძრაობასთან" ერთად "სტრატეგია აღმაშენებელი" იქნება ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ხალხის ინტერესიდან გამომდინარე, რომ ეს ცვლილებები მოხდეს, რომ საქართველო წინ იყოს," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, ნინო ლომჯარიამ ოთხი პოლიტიკური ცენტრის ფორმირებაზე ისაუბრა. ლომჯარია ორ ცენტრად "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" ასახელებს, მესამე ცენტრად ყოფილ "ნაციონალურ მოძრაობას" მოიაზრებს, მეოთხედ კი "ოცნების" ყოფილ წევრებს და მათგან წამოსულ პარტიებს.

ლომჯარიას თქმით, ერთ-ერთი "ლელოც" არის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინც გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე ან იმ ამომრჩევლის გულზე გავა, ვინც რაღაც ახალს ეძებს.

დღის ამბები