არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტრუქცია ოპოზიციას - ასე აფასებს მმართველი გუნდი ნინო ლომჯარიასა და ბაია პატარაიას განცხადებებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ "ლელოს" გარშემო უნდა შეიქმნას ე.წ. შუაშისტური გაერთიანება, რომელიც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმებს მიიზიდავს.
მმართველ გუნდის შეფასებით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, "ლელოსაც" და სხვა პარტიებსაც "ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯვნა არ გამოსდით.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მათ განცხადებას ტაქტიკურ სვლას უწოდებს, რომლის მიზანიც ქართველი ამომრჩევლის დაბნევაა.
"ეს საერთო ჯამში არის ტაქტიკები იმისთვის, რომ დააბნიონ ქართული საზოგადოება, მათ შორის წარმოაჩინონ რაღაც მესამე ძალა... მერამდენეჯერ უნდა წავიდნენ ამ წრეზე? გავიხსენოთ წინა არჩევნები, ყველგან ხომ ამას ამბობენ, მესამე ძალა, მესამე ძალა.
"ლელო" არ ამბობდა, რომ მესამე ძალა იყო 2020 წლის არჩევნებში? და რომელი ძალა აღმოჩნდა? "ნაციონალური მოძრაობის" ძალა არ აღმოჩნდა? არა თუ ისინი არიან ერთი ქოლგის ქვეშ, ერთობლივი NGO-ც კი აქვთ დაფუძნებული, რომლითაც უცხოურ დაფინანსებას პარტიებისთვის იყენებენ. ერთად არიან "ლელო" და "ნაციონალური მოძრაობა" ყალბი NGO-ების დონეზეც კი.
არანაირი მესამე ძალა სინამდვილეში არ არსებობს. ეს არის ყოველთვის ტაქტიკა იმისთვის, რომ დააბნიონ ქართველი ამომრჩეველი. ეს გახლავთ ჩვეულებრივი დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან ამოკითხული ტაქტიკები. კიდევ ერთხელ ჩაეფუშებათ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, ნინო ლომჯარიამ ოთხი პოლიტიკური ცენტრის ფორმირებაზე ისაუბრა. ლომჯარია ორ ცენტრად "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" ასახელებს, მესამე ცენტრად ყოფილ "ნაციონალურ მოძრაობას" მოიაზრებს, მეოთხედ კი "ოცნების" ყოფილ წევრებს და მათგან წამოსულ პარტიებს.
ლომჯარიას თქმით, ერთ-ერთი "ლელოც" არის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინც გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე ან იმ ამომრჩევლის გულზე გავა, ვინც რაღაც ახალს ეძებს.