16 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
ნებისმიერი საუბარი, რომ თითქოს "ნაციონალურ მოძრაობას" ისინი არ წარმოადგენენ, არის სიყალბე და ჩვენი საზოგადოების მოტყუების უბადრუკი მცდელობა - რატი იონათამიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტრუქცია ოპოზიციას - ასე აფასებს მმართველი გუნდი ნინო ლომჯარიასა და ბაია პატარაიას განცხადებებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ "ლელოს" გარშემო უნდა შეიქმნას ე.წ. შუაშისტური გაერთიანება, რომელიც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმებს მიიზიდავს.  

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ნებისმიერი საუბარი იმაზე თითქოს "ლელო" არ წარმოადგენს "ნაციონალურ მოძრაობას", არის სიყალბე. იონათამიშვილის თქმით, მათი არჩევანია "ნაცმოძრაობის" დიქტატურა.

"ნებისმიერი საუბარი, თითქოს "ნაციონალურ მოძრაობას" ისინი არ წარმოადგენენ - არის სიყალბე და ჩვენი საზოგადოების მოტყუების უბადრუკი მცდელობა მათი მხრიდან. სინამდვილეში ეს ადამიანები არიან კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მათ ერთად აღებული არა აქვთ 20% და როდესაც ერთ მხარეს არის 60%-იანი მხარდაჭერა, მეორე მხარეს კი 20%-იც არ არის და ეს ადამიანები საუბრობენ კოალიციაზე, თან ერიდებათ იმის თქმა, რომ სინამდვილეში კოალიცია კი არა "ნაციონალური მოძრაობის" დიქტატურაა მათი არჩევანი, გააგრძელონ ასე საუბარი, კიდეევ უკეთესი იქნება საზოგადოებისთვის და კიდევ უარესი მათთვის", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ნინო ლომჯარიამ ოთხი პოლიტიკური ცენტრის ფორმირებაზე ისაუბრა. ლომჯარია ორ ცენტრად "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" ასახელებს, მესამე ცენტრად ყოფილ "ნაციონალურ მოძრაობას" მოიაზრებს, მეოთხედ კი "ოცნების" ყოფილ წევრებს და მათგან წამოსულ პარტიებს.

ლომჯარიას თქმით, ერთ-ერთი "ლელოც" არის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინც გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე ან იმ ამომრჩევლის გულზე გავა, ვინც რაღაც ახალს ეძებს.

დღის ამბები