27 ივლისი 2024,   04:45
ვრცლად
როგორც კი საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანი არ იწამლება და აქ განიკურნება, სააკაშვილი მეორე დღესვე მოჩიტდა - ახლა სად არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც მისი გამოშვებისკენ მოგვიწოდებდნენ - გურამ მაჭარაშვილი

პარტია "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან მიმართებაში ორი ახალი რეზოლუციის მიღებასა და მასში ანა ფოტიგას ინიციატივით შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა.

მაჭარაშვილის თქმით, საერთაშორისო სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში არ იწამლება, ამის შემდეგ ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას მიერ რეზოლუციაში შეტანილი მსგავსი ცვლილებები კანონის წინაშე უთანასწორობას ნიშნავს, რაც, მაჭარაშვილის შეფასებით, ანტიდასავლურია.

"საქართველოს მოქალაქე ხედავს, რომ ევროკავშირის ასეთი მაღალი ინსტიტუცია არღვევს კანონის წინაშე თანასწორობას, უგულებელყოფს კანონის უზენაესობას... მან იცის, რომ საერთაშორისო სასამართლომაც კი დაადგინა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო სააკაშვილთან მიმართებაში და ახლა უკანონოდ ერევა ქართულ სუვერენიტეტში, რა თქმა უნდა, ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა. მათ შორის, ევროპარლამენტარები იყვნენ, რომლებიც მოგვიწოდებდნენ, რომ გამოგვეშვა სააკაშვილი, საერთაშორისო სასამართლომ, როგორც კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანი არ იწამლება და აქ განიკურნება, მეორე დღესვე მოჩიტდა სააკაშვილი და დაიწყო ბრძოლა ხელისუფლებისთვის. ახლა სად არიან ის ევროპარლამენტარები? რას ეუბნებიან ქართულ საზოგადოებას? თუ ვინმე პოლარიზებას უწყობს ხელს, ეს არის "ნაცმოძრაობა" და პატიმარი სააკაშვილი. ასეთი ტიპის რეზოლუციები, ის, რომ ქართველ კრიმინალებს იფარებს ევროპის სახელმწიფოები, ეს არის ზუსტად ანტიდასავლური განწყობები", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

დღის ამბები