თბილისის მერი კახა კალაძე, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან მიმართებაში ორი ახალი რეზოლუციის მიღებასა და მასში ანა ფოტიგას ინიციატივით შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები აზიანებს არსებულ ურთიერთობებს, მით უმეტეს, რომ არსებობს გამოცდილება, თუ როგორ ინიღბება ისინი დემოკრატიისა და ლობიზმის სახელით.
"ასეთი რეზოლუციები დამაზიანებელია არსებული ურთიერთობებისთვის. უბრალოდ, შეურაცხმყოფელია ასეთი განცხადებები. ჩვენ არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც ძალიან მძიმე რამეები ეწერა, მოგვიანებით კი გამოიკვეთა, თუ როგორ ხდებოდა მათი მიღება - ვიღაც თანხას იხდის, შემდეგ ეს ინიღბება ლობიზმით და ხდება ასეთი რეზოლუციების მიღება.
ალბათ, მოგვიანებით გავიგებთ, FARA-ს დოკუმენტაციაში იქნება წარმოდგენილი, თუ რა როგორ ხდება. შეიძლება გავიგოთ, შეიძლება ვერც გავიგოთ, რადგან იცით, რამხელა რეზონანსი მოჰყვა ამ ყველაფრის გამოაშკარავებას. გვეუბნებოდნენ, რომ ეს თითქოს დემოკრატიული პროცესები იყო, რეალურად კი იყო სხვა რამ - ფულის მიცემა, რომელიც ინიღბებოდა ლობიზმით.
მე არავითარი ეჭვი არ მაქვს. იმ ფაქტზე ვსაუბრობ, რომელიც ყველამ ვნახეთ - FARA-ს დოკუმენტი მაქვს მხედველობაში, სადაც პირდაპირ იყო მითითებული სახელები, გვარები, ვინ იხდიდა თანხას, რეზოლუციის მიღებაზე იყო საუბარი. ეს გამოაშკარავდა და ცხადია. ძალიან სამწუხაროა, როდესაც დემოკრატიით ინიღბება ასეთი განცხადებები და გადაწყვეტილებები", - განაცხადა კახა კალაძემ.