16 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
ჩვენთვის ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი ნამდვილად არ აქვს - სალომე სამნიძე ანა ფოტიგას ინიციატივით რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებაზე

ლობიზმის შედეგი, რომელიც ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილს, სადაც სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველოში ყველამ იცის, სააკაშვილი დამნაშავეა და არანაირი სამართლებრივი ან ჰუმანიტარული მიზეზი არ არსებობს, რის გამოც მან საპატიმრო უნდა დატოვოს. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე შესწორება დოკუმენტში ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მოთხოვნით შევიდა.

ევროპარლამენტმა ორი ახალი რეზოლუცია მიიღო, რომლებშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებია. დოკუმენტებში მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და დაფიქსირებულია დადებითი დამოკიდებულება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივნის, სალომე სამნიძის განცხადებით, საქართველოს მომავლისთვის სააკაშვილის გათავისუფლება უკეთესი იქნებოდა.

"ძალიან მნიშვნელოვანი ევროპარლამენტის მიერ მიღებული მხარდამჭერი რეზოლუცია. ჩვენთვის ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი ნამდვილად არ აქვს. ევროპარლამენტში, საქართველოს და ჩვენს ხალხს ჰყავს უამრავი მოკავშირე, მათ შორის, იგივე სააკაშვილთან დაკავშირებით. გზავნილზე გამოიკვეთა, რომ ევროპარლამენტში წარმოდგენილი დემოკრატების დიდი უმრავლესობა იზიარებს ამ პოზიციას, რომ სააკაშვილის შეწყალება იქნებოდა უკეთესი ამ ქვეყნის მომავლისთვის და ეს არ უნდა იყოს გასაოცარი ჩვენთვის, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ევროკავშირი დიდი ხანია მოგვიწოდებს დეპოლარიზაციისკენ", - განაცხადა სალომე სამნიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, მიხელ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ქვეყანაში პოლარიზაციას არ აღრმავებს და მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების საკითხი, ევროპულ სტრუქტურებში, ძალიან მაღალ დონეზე დგას.

"პოლარიზაციას არ აღრმავებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა. პოლარიზაციას აღრმავებს უკანონობა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დევნა. მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების საკითხი ძალიან მაღალ დონეზე დგას ევროპულ სტრუქტურებში", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარტია "გირჩის" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით ქვეყანაში პოლარიზაცია შემცირდება.

"გავუშვათ მიხეილ სააკაშვილი და პოლარიზაცია მორჩება- მაგის, რასაკვირველია, ნაკლებად მჯერა, მაგრამ რამეს თუ გავაკეთებთ პოლარიზაციის შესამცირებლად პოლარიზაცია შემცირდება, უბრალოდ ამის სურვილი არ არსებობს. მგონია, რომ სხვა გზები უნდა ვიპოვოთ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად იმიტომ, რომ ჰუმანიტარული დახმარებით მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად უფრო ცუდადაც იყო და მაშინ ვერ მოხერხდა მისი გათავისუფლება", - განაცხადა იაგო ხვიჩამ.

დღის ამბები