პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართა თემაზე: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ახალი კანონი და მნიშვნელოვანი სიახლეები.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღეიდან ამოქმედებული ახალი კანონით ქვეყანაში პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირებული იქნება ევროპული სტანდარტებით.
"შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ დღეს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით და მისი საკანონმდებლო ჩარჩოს მეშვეობით, საქართველო გახლავთ სახელმწიფო, რომელიც ევროპული სტანდარტებით არეგულირებს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ამავდროულად, არცთუ უმნიშვნელო და პატარა წვლილია ქვეყნის ევროინტეგრაციის საქმეში, როგორც ფორმალური თვალსაზრისით, ისე თავის შინაარსით იმიტომ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ეპოქაში პერსონალური მონაცემების დაცვა“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ახალ კანონზე საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს, როდესაც საქართველოს მინიჭებული აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ქვეყანა იმყოფება ევროინტეგრაციის გზაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
"ახალი კანონი და მისი ძირითადი სიახლეები სწორედ მიმართულია მონაცემთა სუბიექტის უფლებების გაფართოებისაკენ, მისი დაცვის გარანტიების გაზრდისაკენ. კანონი აყალიბებს მონაცემთა სუბიექტის ისეთ უფლებას, რომელიც სიახლეს წარმოადგენს მონაცემთა დაცვის ქართული სამართლისათვის - პორტირების უფლება, მონაცემთა ფსევდონიმიზაცია, დეპერსონალიზაცია, პროფაილინგი, მონაცემთა დამუშავების პრინციპების გაფართოება, გამჭვირვალობისა და მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპების დამკვიდრება. ასევე, დამკვიდრდა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტიტუტები, როგორიც არის: მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი, ინციდენტის შეტყობინებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმები“, - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
მისივე თქმით, ახლებურად ჩამოყალიბდა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების პროცესი, ასევე, ვიდეო- და აუდიომონიტორინგის განხორციელებისას მონაცემთა დამუშავების წესები.
"აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებისათვის გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა და განისაზღვრა სამართალდარღვევის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების კონტექსტში, ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა სამსახურის მიერ შესასრულებლად სავალდებულოდ დავალებების შეუსრულებლობა", - აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა.
დღეიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა. ცვლილების მიხედვით, სარეკლამო შეტყობინებებს მომხმარებლები, თანხმობის გარეშე, აღარ მიიღებენ.