პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლობისტური საქმიანობის და უზარმაზარი ფულის ხარჯვის გარეშე, ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს იმისა, რომ რეპუტაცია აღიდგინოს.
მისი შეფასებით, ოპოზიციის იმიჯი იმდენად დაზიანებულია, რომ ამის გამოსწორება ლობისტურ კომპანიებსაც უჭირთ და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ დიდი ფინანსური რესურსის მიუხედავად, მცდელობები უშედეგოდ სრულდება.
"მათ, ლობისტური საქმიანობის და უზარმაზარი ფულის ხარჯვის გარეშე, არავითარი შანსი არ აქვს იმისა, რომ თუნდაც რეპუტაციის გარეცხვის მცდელობა ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, ეს ხსნის მათ საჭიროებას, რომ უზარმაზარი სახსრები იქნას დახარჯული რეპუტაციის აღდგენაზე და გაუმჯობესებაზე. თუმცა, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, უზარმაზარი ფიასკოების გათვალისწინებით, დღითი-დღე კლებულობს ინტერესიც და სანდოობაც, არა მხოლოდ ამ ორგანიზაციების მიმართ, რომლის ლობიზმზეც გვაქვს საუბარი, არამედ უშუალოდ ამ ლობისტური საქმიანობის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს ასეთი დაზიანებული რეპუტაციის გარეცხვას და რა თქმა უნდა, ეს ხდება შეუსრულებელი მისია", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის "Cornerstone Government Affairs"-ის მიერ 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 - თებერვალი 2024) განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ "კორნერსტოუნის ჯგუფის" მცდელობის მიუხედავად, კონგრესსა და სენატში სასურველი ინფორმაციის მიწოდების მიზნით შეხვედრებზე მოთხოვნები ძირითადად უპასუხოდ რჩებოდა. ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა ვერ უზრუნველყო ვერცერთ სენატორთან ან კონგრესმენთან შეხვედრის ორგანიზება და მხოლოდ კონგრესის რამდენიმე თანამშრომელთან/სტაფერთან მოახერხა შეხვედრების ჩანიშვნა.