16 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
კამპანია ცესკოს წინააღმდეგ - როგორ აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ცილისწამებისგან თავის დაცვას

ცესკოს თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს. საუბარია ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ რეპორტაჟზე, რომელშიც გიორგი კალანდარიშვილი კორუფციული გზით სოლიდური ქონების დაგროვებაში დაადანაშაულეს.

საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დღეს ბრალდებებს სოციალურ ქსელშიც უპასუხა. მისი თქმით, ჟურნალისტს ყველა რეალური მტკიცებულება მიაწოდა, თუმცა ეს ფაქტები სიუჟეტში არ მოხვდა. კალანდარიშვილი პირველ ეტაპზე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში საჩივრის შეტანას გეგმავს.

საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ დაწყებული ნეგატიური კამპანია ოპოზიციის პოლიტიკურ ტაქტიკას დაუკავშირა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძისთვის კალანდარიშვილმა, პროფესიონალიზმი და მიუკერძოებლობა თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან დაწყებულ კოორდინირებული შეტევის საბოლოო მიზანს, არჩევნების დისკრედიტირების მცდელობაში ხედავს.

ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებს კალანდარიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ, თუმცა მაინც ფიქრობენ, რომ მისი ქონების შესწავლით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ.

კოლეგებს ოპოზიციის ნაწილი არ ეთანხმება. "გირჩში" ფიქრობენ, რომ ცესკოს თავმჯდომარის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია უსაფუძვლო და უშედეგოა. პოლიტიკურ ცენტრში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი მოსწონთ და ამბობენ, რომ ამ ფორმაციის ცესკო ყველა პარტიას არჩევნებზე სრული მონიტორინგის შესაძლებლობას აძლევს.

"ტყუილის გამოყენებით შტურმი ცესკოს თავმჯდომარეზე" - ასე აფასებენ უმრავლესობაში გიორგი კალანდარიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ მოქმედებებს. კანონმდებლების თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ ოქტომბერში არჩევნებს აგებს. შესაბამისად, პროტესტისთვის წინაპირობას თვეებით ადრე იმზადებს.

იჩივლებს თუ არა ცესკოს თავმჯდომარე ეთიკის ქარტიის შემდეგ სასამართლოში, ჯერ უცნობია. გიორგი კალანდარიშვილი არჩევნებამდე 8 თვით ადრე მის წინააღმდეგ დაწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე ღიად საუბრობს.

დღის ამბები