16 ნოემბერი 2024,   07:59
ვრცლად
ჩვენი სასამართლოს მიერ გასამართლებული ადამიანია, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სამართლიანად არის გასამართლებული - მიუხედავად ამისა, ჩვეულებრივად გადაადგილდება ევროპაში - ალექსანდრე რაქვიაშვილი ადეიშვილზე

ძებნილი ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში გადაღებული ფოტოების საკითხი კვლავ პოლიტიკური განცხადებების თემაა - ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია, რომ ქართული სასამართლოს მიერ გასამართლებული ადამიანი გერმანიის პარლამენტში მოწვეული სტუმარია.

"[ადეიშვილი] ჩვენი სასამართლოს მიერ გასამართლებული ადამიანია, რომელიც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სამართლიანად არის გასამართლებული. მიუხედავად ამისა, ჩვეულებრივად გადაადგილდება ევროპაში. წარმოიდგინეთ, რომ ინგლისის სასამართლოს იგივე გაეკეთებინა, ინგლისი ეძებდეს თავის მოქალაქეს, ის ამას ვერ გააკეთებდა. ბუნდესტაგში შეიძლება არც იციან და არც არიან ვალდებულები იცოდნენ, მაგრამ ის, რომ ჩვენ ადამიანს ვეძებთ, აქ ვიღაც გავასამართლეთ და ევროპელები ამბობენ, "არა, ჩვენ არ ვენდობით თქვენს სასამართლოს“, ეს სერიოზული პრობლემაა და, მე მგონი, ამ პრობლემაზე უნდა ვიმუშაოთ,“ - აცხადებს "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ თუ ადეიშვილი რომელიმე ქვეყნის პარლამენტში იმყოფებოდა, ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.

"თუ ის რომელიმე ქვეყნის პარლამენტში იმყოფებოდა ოფიციალური მიწვევით, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მე მივიჩნევ, რომ ზურაბ ადეიშვილს არ ჰქონია თავისუფალი სასამართლო პირობებში თავის დაცვის შესაძლებლობა. დანაშაული ჰქონდა თუ არა ჩადენილი, ეს უნდა დაადგინოს თავისუფალმა სასამართლომ,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი დავით ხაჯიშვილი.

დღის ამბები