16 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ძებნილი, კრიმინალი ადეიშვილი - სააკაშვილის ინსტრუმენტი, რომელიც წამებაში, ბიზნესის რეკეტსა და მსგავს საკითხებში იყო თავიდან ბოლომდე ჩართული, გერმანიის ბუნდესტაგში აღმოჩნდა - მამუკა მდინარაძე

უმრავლესობა ზურაბ ადეიშვილის იმ ფოტოებზე საუბრობს, რომელიც ბუნდესტაგშია გადაღებული და სადაც ის ლოჟაში იმყოფება. მმართველი გუნდი ამბობს, რომ შეურაცხმყოფელია, როდესაც საქართველოში ძებნილი, რამდენიმე დანაშაულში მსჯავრდებული ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც კრიმინალური რეჟიმის არქიტექტორი იყო, გერმანიის პარლამენტში მიიწვიეს. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს არის ქართული მართლმსაჯულების უპატივცემულობა და ფაქტი იმსახურებს განმარტებას გერმანიის საელჩოს მხრიდან. ადეიშვილის ბრალეულობაზე საუბრობს ოპოზიციის ნაწილიც.

"გერმანია ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნისა, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის, და ერთიორად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ძებნილი, კრიმინალი ადეიშვილი, სააკაშვილის ინსტრუმენტი, რომელიც წამებაში, ბიზნესის რეკეტსა და მსგავს საკითხებში იყო ჩართული თავიდან ბოლომდე, გერმანიის ბუნდესტაგში აღმოჩნდა.

შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მივცეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რათა ასეთი ფაქტები არ გახდეს ევროპის წინააღმდეგ გარკვეული ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბების საფუძველი ქართულ საზოგადოებაში იმიტომ, რომ როდესაც ცდილობენ, რომ მოდერნიზაციის სიმბოლოდ შემოგვასაღონ ადეიშვილი, ახალაია მაგალითად და მიხეილ სააკაშვილი, ამაზე დამანგრეველი საქართველოს მოქალაქის აღქმაში არაფერი შეიძლება იყოს ევროპის წინააღმდეგ," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები