"საქართველოში არასამთავრობო სექტორი, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. ესენი არიან პოლიტიკური პარტიის ფილიალები, თან, საკმაოდ მდიდრები და ამოფარებულები ამ ქურქს, რომ ვითომ ისინი არ არიან პოლიტიკოსები,"- ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" თავმჯდომარის, კენ ვოლაკის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ NED არ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და მათი საქმიანობა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას მოიცავს.
მისივე თქმით, "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულმა და "ქართული ოცნებისგან" მხარდაჭერილმა კანონპროექტმა, არმიღების პირობებშიც კი, იმაზე უკეთ იმუშავა, ვიდრე მიღების შემთხვევაში იმუშავებდა.
"უკვე ჩვენი ზოგიერთი უცხოელი პარტნიორიც კი გვეთანხმება იმაში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ განსაკუთრებით საქართველოში არასამთავრობო სექტორი, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. ესენი არიან პოლიტიკური პარტიის ფილიალები, თან, საკმაოდ მდიდრები და ამოფარებულები ამ ქურქს, რომ ვითომ ისინი არ არიან პოლიტიკოსები.
ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორის, კოლეგის განმარტება ზუსტადა ამას ნიშნავს, რომ არ უნდა დაფინანსდეს ისეთი NGO სექტორი, რომელიც პირდაპირ პოლიტიკაშია ჩართულია და ხელისუფლების შეცვლაზეა ორიენტირებული.
"ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული და "ქართული ოცნებისგან" მხარდაჭერილი კანონპროექტი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით უკვე ჩაშვებულია ევროპარლამენტში და იღებენ. თან, თავს იწონებენ, რომ თურმე, გამჭვირვალობა კარგია. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ვითომ "რუსულ კანონად" მონათლული ჩვენი, "ხალხის ძალის" კანონპროექტი მშვენივრად მუშაობს აშშ-ში "ფარას" სახით.
ამ არმიღებულმა კანონპროექტმა ისე იმუშავა, რომ შეიძლება მიღების შედეგები არ ყოფილიყო ასეთი [შედეგიანი], რადგან საზოგადოება უკვე კარგად ხედავს, რომ არასამთავრობო სექტორი, რომელიც მალავს თავის შემოსავალს, სხვის გამჭვირვალობაზე საუბრობს,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.