16 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
როდესაც მაგალითად გვისახავენ უკრაინასა და მოლდოვას, ჩვენი კითხვა არის მარტივი ევროკავშირის მიმართ: ადეიშვილისა და ნონა წოწორიას ჩატარებული "ვეტინგია" ჩვენთვის მაგალითი, ამისკენ მოგვიწოდებენ? - შალვა პაპუაშვილი

ზურაბ ადეიშვილია ის ადამიანი, ვინც უკრაინაში ატარებს „ვეტინგებს“, მისი მოადგილეა ის, ვინც მოლდოვაში ატარებს ასეთ „ვეტინგებს“ და როდესაც ჩვენ მაგალითად გვისახავენ უკრაინას და მოლდოვას, ჩვენი კითხვა არის მარტივი ევროკავშირის მიმართ: ადეიშვილის და ნონა წოწორიას ჩატარებული „ვეტინგია“ ჩვენთვის მაგალითი, ამისკენ მოგვიწოდებენ? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მსჯავრდადებული და ბრალდებული ზურაბ ადეიშვილის მიერ ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ადეიშვილმა საქართველოში გენერალური პროკურორობის დროს ჩაატარა ე.წ. "ვეტინგი", სასამართლოებიდან იძულებით გაუშვა მოსამართლეები, რომლებსაც შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში ჰქონდათ აღნიშნული საკითხი გასაჩივრებული. მისივე განცხადებით, ადეიშვილთან ბრიუსელში გამართული შეხვედრების შესახებ, სასწრაფო განმარტებებია საჭირო.

"სხვათა შორის, ზურაბ ადეიშვილს თავის დროზე, "ვეტინგი" ჩატარებული აქვს საქართველოში, როგორც გენ.პროკურორს, რომელიც მართავდა ყველანაირ ასეთი სახის ღონისძიებებს და გახსოვთ, მაშინ გაყარეს მოსამართლეები, ისე, რომ სასამართლოებს აუქმებდნენ და შემდეგ ზოგს აშინებდნენ და ზეწოლა იყო უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებზე, რომ დაეტოვებინათ თანამდებობები და კითხეთ იმ მოსამართლეებს, რომლებსაც შემდეგ სტრასბურგში ჰქონდათ გასაჩივრებული ეს საკითხი.
ამიტომ, სასწრაფოდ სჭირდება განმარტება ამ საკითხს, ვინაიდან საქმე ეხება ევროკომისიის სხვადასხვა ჩინოვნიკის სიტყვების დამაჯერებლობას. როდესაც ხვდები ადეიშვილს და ესაუბრები მართლმსაჯულებაზე, შემდეგ, ასეთი ადამიანების სიტყვები საქართველოს მიმართ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, აღარ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორიც უნდა იყოს.“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, თუკი რამე უწყობს ხელს ანტიევროპულ პროპაგანდას, სწორედ ზოგიერთი ჩინოვნიკის ასეთი საქციელია. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ადეიშვილი არა მხოლოდ პოლიტიკური სანქციის ქვეშ იმყოფება საქართველოს მხრიდან, არამედ ის სასამართლოს სტანდარტითაც არის სანქცირებული, რასაც, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში გვერდს უვლიან.

"თუკი რაიმე არის ანტიევროპული პროპაგანდის თუ დისკრედიტაციის ნაწილი, არის სწორედ ასეთი საქციელები ზოგიერთი ჩინოვნიკისა, რომლებიც, თავიანთი დაუდევრობით, და იმედია განმარტებები იქნება და აღმოჩნდება, რომ უბრალოდ არ იცოდა ვიღაცამ და წინდაუხედავად მოხდა ეს შეხვედრები ან თავისი განზრახულობით და ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს უპატივცემულობით, ხვდება საქართველოს მხრიდან დასანქცირებულ ადამიანს.


ერთ რამესაც გავუსვამ ხაზს: ზურაბ ადეიშვილს ჯამში, 18 წელი აქვს მისჯილი ის არის არა უბრალოდ პოლიტიკურად სანქციის ქვეშ მყოფი ადამიანი საქართველოსგან, არამედ სასამართლოს სტანდარტით სანქცირებული ადამიანი, რომლის სასჯელის აღსრულებასაც ელის ქართველი ხალხი და როდესაც საქართველოს მხრიდან დასანქცირებული ადამიანი შემდეგ ასეთი ფოტოებით გაირკვევა, რომ არის ხან ბუნდესტაგში და ზის კომიტეტის სხდომაზე, ხან ევროკომისიაში ზის მაღალი მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის აღმაშფოთებელი, ჩვენ პირნათლად ვიცავთ სანქციებს, რომელსაც ევროკავშირი ან სხვა ქვეყნები აწესებენ და უზრუნველვყოფთ რომ მათი გვერდის ავლა არ მოხდეს. როგორც ჩანს, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში გვერდს უვლიან საქართველოს მიერ დაწესებულ სასამართლო სანქციებს.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები